აშშ-უკრაინა

აშშ-ის სენატორები: უკრაინის საკითხზე ტრამპს უფრო მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეს

dailypolitical.com

ამერიკელ სენატორთა ჯგუფი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, უკრაინის საკითხზე რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია ჰქონდეს.

პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილში, სენატორები ტრამპს უკრაინისთვის ეკონომიკური და სამხედრო დამხარების გაწევისკენ მოუწოდებენ. გზავნილის თანახმად, რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაჩერებლად სენატორები გამოდიან ინიციატივით, რომ აშშ-მ უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს.

"რუსეთის აგრესიისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპატივცემლობის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაზარდოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის", - ნათქვამია დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

წერილის ხელმომწერი სენატორები მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყირიმის ანექსია არ უნდა აღიაროს. მათივე თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უნდა გახანგრძლივდეს. 

დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ ღია წერილს 27 სენატორი აწერს ხელს, მათ შორის - 15 დემოკრატი და 12 რესპუბლიკელი სენატორი. Reuters-ის ცნობით, წერილის ინიციატორი ილინოისის შტატის დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი და ოჰაიოს რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი არიან. 

კომენტარები