ტერორიზმი

მერკელი: თუ აღმოჩნდება, რომ თავდასხმის უკან მიგრანტი იდგა, ძალიან სამწუხარო იქნება

Politico.eu

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, სულ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუკი თავდამსხმელი გერმანიაში თავშესაფრის საძიებლად ჩამოსული მიგრანტი აღმოჩნდება, ეს მთელი გერმანიისთვის საკმაოდ სამწუხარო იქნება.

"ძალიან მძიმე დღეა. მილიონობით გერმანიაში მცხოვრების მსგავსად, მეც შოკირებული და ღრმად დამწუხრებული ვარ. 12 ადამიანი, რომელიც გუშინ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა და შობისთვის ემზადებოდა, დღეს ჩვენთან აღარ არიან. მათი სიცოცხლე სასტიკ და გაუგებარ ქმედებას ემსხვერპლა. მსურს იცოდეთ, რომ გერმანიის მთავრობა ისევეა დამწუხრებული მომხდარით, როგორც მთელი გერმანია. ძალიან რთული და მძიმე მისაღები იქნება, თუ გავიგებთ, რომ ადამიანი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, გერმანიაში თავშესაფრის მისაღებად ჩამოსული მიგრანტი აღმოჩნდება, რადგან გერმანელები პირველივე დღიდან აქტიურად ეხმარებოდნენ თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს", - თქვა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში, გერმანიაში მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, რომლის უკანაც მიგრანტები იდგნენ, მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტების მიუხედავად, მიგრანტების პოლიტიკის შეცვლას გამორიცხავს.

"თავდამსხმელებს სურთ, რომ ჩვენი ჰუმანურობა, გახსნილობა და გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარების სურვილი დაამარცხონ, თუმცა ისინი ამას ვერ მოახერხებენ", - თქვა მაშინ მერკელმა.

ივლისში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მერკელის მიგრანტებისადმი ღია პოლიტიკას კრიტიკა მოჰყვა გერმანიაშიც. გაიმართა რამდენიმე აქციაც, სადაც მერკელს პოლიტიკის შეცვლას სთხოვდნენ, თუმცა მიუხედავად კანცლერის პრინციპული პოზიცისა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, მერკელის რეიტინგი მკვეთრად არ დავარდნილა.

კომენტარები