ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხი განსახილველად ევროპარლამენტს გადაეგზავნება

amazonaws.com

ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე ევროპარლამენტში მიღწეული შეთანხმება დაადასტურა.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და განახლებული შეჩერების მექანიზმი ძალაში ერთდროულად უნდა ამოქმედდეს.

"საქართველოს მიერ შესრულებული დიდი სამუშაოს გათვალისწინებით, საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. ჩვენ გვჯერა, რომ მოსალოდნელი რეფორმების გზა სწორია. შეჩერების მექანიზმის ბოლო განახლებამ ახალი ბიძგი მოგვცა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებებში ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. იმავდროულად, განახლებული ვარიანტი დაგვეხმარება, რომ ეს ქვეყნები დაწესებულ კრიტერიუმებს ყოველთვის აკმაყოფილებდნენ", - ამბობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინაკი.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი სავარაუდოდ 2 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილება, შემდეგ კი დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება.

ცნობისთვის, ოქტომბერში ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო თანხმდება, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ამას ადასტურებს ევროკომისიაც.

კომენტარები