ბლოგი

სააკაშვილს მიაჩნია, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს პარტია უკრაინიდან

დღეს, მე, ბევრ ჩემს თანაგუნდელთან ერთად ვემშვიდობები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. რეალურად ენმ გაიყო. დამრჩენები - დარჩნენ. ჩვენ კი ერთად ვქმნით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ ძალიან მალე. ამ გაერთიანებაში იქნებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დათო ბაქრაძე, ლაკა ხოშტარია, ოთო კახიძე, გიორგი ტუღუში, სერგო რატიანი და ბევრი სხვა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ასევე ბრძოლაში გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელთაც უნდათ ქვეყნის წინსვლა, და რომლებმაც ბევრი რამ დადეს ბოლო წლებში იმისთვის, რომ დღეს უკეთესი იყოს საქართველო. სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება იმ წარმატებების უმრავლესობა, რაც ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა.

ვემშვიდობებით ენმ-ს იმიტომ, რომ გაგვიჩნდა პრინციპული შეუთავსებლობა ენმ-ის დამფუძნებელთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს პარტია უკრაინიდან. ჩვენ არ ვახდენთ მიშას როლის შეფასების რევიზიას - მან მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის. მაგრამ არ გვგონია, რომ მომავლის საქართველოში მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური როლი. ეს არის ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავება.

ასევე ვემშვიდობებით, იმიტომ, რომ მიშამ, ენმ-ის მომავალ ლიდერებთან (რომლებიც მალე გადაინაწილებენ პოზიციებს ენმ-ის ახალ ლიდერშიფში) ერთად გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი, რომელიც წარმომედგინა, ან ვერ წარმომედგინა. საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ და პროფესიულ წითელ ხაზებზე. ისინი ჯერ კიდევ აწარმოებენ ბინძურ კამპანიას ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ შევეკარით და მივეყიდეთ ივანიშვილს, რომ ჩვენ ვუღალატეთ თანამებრძოლებს, რომ ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავძარცვეთ პარტია და მოვიპარეთ ნივთები და ა.შ. ისინი ჯერ კიდევ გვეძახიან ჩვენ "ბლანჟიანებს", "პეროიანებს", პირდაპირ გვლანძღავენ და გვაყენებენ შეურაცხყოფას. ჯინი, რომელიც პირადად მიშამ გამოუშვა, დააორგანიზა რა "ზიზღის ჯგუფები" ფეისბუქზე და სოციალურ მედიაში, ასევე ის ზიზღის მდინარე, რაც მან "დაქოქა" რეგიონებში სკაიპით ჩართვების შემდეგ, კიდევ დიდი ხანი იქნება გარეთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც ენმ-ის მომავლისთვის იქნება კარგი. მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჩავლილი მატარებელია და ამაზე ენმ-ს მოუწევს დარდი.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე არც ერთხელ არ მიპასუხია ამ ადამიანებისთვის და არც მომავალში ვაპირებ პასუხს. ნამდვილად არ ვარ მათზე, არც ამ ზიზღის ნაკადის ორგანიზატორებზე და არც მათ შემსრულებლებზე მაღალი აზრის. მაგრამ მესმის, რომ ისინი ჩვენი ამომრჩევლები და თანამებრძოლები იყვნენ, ამიტომ მათთან პოლემიკას ყოველთვის შეგნებულად ვერიდებოდი. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება და ეს ძალიან კარგად მესმის და ამიტომაც არც მომავალში ვაპირებ ამ სიბინძურეზე ვინმეს პასუხი გავცე.

ყველა იმ ადამიანს, რომელიც ენმ-ში რჩება, მინდა წარმატება ვუსურვო, თუ ისინი ნამდვილად ივანიშვილის და ქართული ოცნების მოშორების პოლიტიკურ გზას დაადგებიან და არა მხოლოდ სააკაშვილისთვის გუნდრუკის კმევის გზას.

ყველაზე მთავარი განსხვავება ენმ-ის ამ ნაწილთან მე პირადად მაქვს იმის გამო, რომ ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები სწავლობენ იმ შეცდომებზე, რომელიც ენმ-მა დაუშვა. ეს ადამიანები ვერ ხედავენ, რომ ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი პოპულარულია, ბელადია, ყოფილი პრეზიდენტია, არ შეიძლება სრულდებოდეს უსიტყვოდ, მიუხედავად იმისა თუ რა სიბრძნე, თუ სისულელეა ეს იდეა. ასეთი მიდგომა დაღუპავს, როგორც პარტიას, ისე ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში - ქვეყანას. ასევე ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ პოლიტიკურ სისტემაში ბრძოლის მნიშვნელობას. მხოლოდ აგრესია, ინსტიტუტებზე და არჩევნებზე უარის თქმა, ისიც იმის გამო, რომ უკრაინაში მყოფ ლიდერს ასე სურს, პოლიტიკურ შედეგებს აქ ვერ მოგვიტანს. ყველა პოლიტიკურ სიტუაციას შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა სჭირდება - ამ რეალობას კი, მეშინია, რომ ენმ-ის დამფუძნებელი მოშორებულია რეალობას და ადეკვატურად აქაურობას ვერ აღიქვამს. სამწუხაროდ, აწი არც მთქმელები დარჩება.

ნებისმიერი ჩვენი მცდელობა გვესაუბრა წარსულის შეცდომებზე და შეგვეთავაზებინა ქმედითი ალტერნატივა ხელისუფლებისთვის, ამ ჯგუფის მიერ შეირაცხა, როგორც ღალატი, "თავზე ნაცრის ყრა" და წარსულის გადაფასების მცდელობა. ამ დროს საქმე მარტივადაა - თუ წარსულის შეცდომებზე არ სწავლობ, პოლიტიკური მომავალი არასოდეს გექნება. მესმის, რომ მიშასაც, და ენმ-ის ბევრ ლიდერსაც უჭირს წარსულზე საუბარი, მაგრამ ამის გარეშე, პოლიტიკური მომავალი არ იქნება. ეს, სხვათა შორის, ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, ოცნებასაც. ის შეცდომები და დანაშაულებები, რომლებიც ოცნებამ დაუშვა ბოლო ოთხ წელიწადში და კიდევ დაუშვებს შემდეგ 4 წელში, მათაც დაამძიმებს. თუ ისინი ამ შეცდომებს არ გამოასწორებენ, ისინიც ისეთივე ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დადგებიან, როგორც დღეს ენმ.

ეს არის ჩემი ბოლო პოსტი იმ დაპირისპირების შესახებ, რაც ენმ-ში არსებობდა ბოლო თვეების განმავლობაში. ამიერიდან ჩემი ფეისბუკ აქტივობა იქნება მხოლოდ ჩვენი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და სახელით. ენმ-თან ნამდვილად არ ვაპირებ კინკლაობას, პოლემიკას და მით უმეტეს, მათთან ბრძოლას. მათ თავისი გზა ექნებათ ახალი ხელმძღვანელობის და მიშას ქვეშ, ჩვენ კი ჩვენი გზა. თუ ეს გზები ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული - ვითანამშრომლებთ, თუ არა - არა. ჩვენი ამოცანები არ შეცვლილა - ქართული ოცნების შეცვლა და არაფორმალური მმართველობის დასრულება ამ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ჩვენ გავაგრძელებთ ამ მთავრობის ოპონირებას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, რადგან ქვეყანა დღეს არასწორ გზაზე დგას. ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, შიდა უსაფრთხოება, სიღარიბე - ეს ის გამოწვევებია, რომლებიც ყველა ჩვენგანს აწუხებს. მთავრობა კი ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. უარესიც, ივანიშვილიც და მისი მთავრობის წევრები, ამ პრობლემებს არც კი აღიარებენ - ლარზე ამბობენ, რომ "კარგად იქცევა", სიღარიბეზე ამბობენ, რომ "მცირდება", ეკონოიკაზე ამბობენ, რომ "ჯანსაღია", ხოლო საგარეო პოლიტიკას კი "პრაგმატულს" უწოდებენ. არაფორმალური მმართველობა ამ პრობლემებს კიდევ უფრო მწვავეს ხდის. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და "ოცნების" დამარცხება.

და ბოლოს, ჩვენი სურვილია, რომ დავასრულოთ მუდმივი დაპირისპირება, ქიშპობა, სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში. სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა, რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს ეს, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში იქნება, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ. ხოლო იქ, სადაც ვხედავთ, რომ ქვეყნის ინტერესები ილახება, როგორც ეს დღეს ხდება, ვიქნებით შეურიგებელი.

მოკლედ, წარმატებები მინდა ვუსურვო, როგორც ჩვენს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას (სახელს მალე გეტყვით), ისე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

პატივისცემით, სერგი.

კომენტარები