ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვას - მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 72% დადებითად პასუხობს. ეს მაჩვენებელი, 2016 წლის ივნისის კვლევასთან შედარებით, უცვლელია, ხოლო მარტის კვლევასთან შედარებით - 5 პუნქტითაა შემცირებული.
ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი კვლევაში მონაწილეთა 18%-ია, 2016 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 16% იყო, 2016 წლის მარტში კი, 14%.
აღსანიშნავია, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვნად ლიდერობს დადებითი პასუხი. თუმცა, 56+ გამოკითხულთა 22%-ისთვის ევროკავშირის წევრობა მიუღებელია. ამასთან, ქართული ოცნების შეხედულებებთან ახლოს მყოფთა 75%-ია ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე, ხოლო ენმ-ის მომხრეთა - 83%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +-1.8%.





