დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკა კატასტროფული შეცდომა იყო

Reuters

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკას "კატასტროფული შეცდომა" უწოდა. 

"ვფიქრობ, მან ერთი კატასტროფული შეცდომა დაუშვა - ყველა არალეგალი მიიღო. არავინ იცის, საიდან მოვიდა ეს ხალხი. მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მერკელი ამ დრომდე ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ლიდერი იყო და ევროკავშირი გერმანიის პოლიტიკის გამტარად იქცა. ტრამპის თქმით, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო და მას კარგად ესმის, თუ რატომ დაუჭირეს ბრიტანელებმა მხარი ევროკაშირიდან გასვლას. 

"ვფიქრობ, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ დააძალებდნენ დევნილების მიღებას, ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავიდოდა. ეს უკანასკნელი წვეთი იყო. ხალხს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება სურს. ბრიტანელებს სწორედ ეს სურდათ და თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ბრიტანეთს. თქვენ სწორ გზას ადგახართ", - განუცხადა ტრამპმა Times-ს.

ტრამპის თქმით, მისი პრიორიტეტი აშშ-ისთვის ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევა და ქვეყნის ძლიერი საზღვრებია. მისი თქმით, სავაჭრო ხელშეკრულებები უფრო მეტად ჭკვიანური უნდა იყოს, ვიდრე თავისუფალი. რაც შეეხება რუსეთთან შესაძლო შეთანხმებას, ტრამპის თქმით, ბირთვული იარაღი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ის უნდა იყოს არსებითად შემცირებული, სანაცვლოდ, აშშ რუსეთს სანქციებს მოუხსნის.

 

კომენტარები