gazprom- თან მოლაპარაკებები

კანდელაკი GAZPROM-ზე: განახევრებული ტარიფების ნაცვლად, საზიანო გადაწყვეტილება შეგვრჩა

ტაბულა

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობის შეთანხმებას გაზპრომთან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საზიანო გადაწყვეტილებას უწოდებს. საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს.

"განახევრებული ტარიფების ნაცვლად, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა ქართველ ხალხს, ხელში შეგვრჩა საქართველოს სუვერენიტეტისთვის საზიანო გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საქართველოს მთავრობა. ხელში შეგვრჩა საზიანო გადაწყვეტილება, რომელიც, საშუალოვადიან პერსპექტივაში, უდიდესი ალბათობით, გამოიწვევს გაზის გაძვირებას. სუვერენიტეტის კუთხითაც, ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც ჩვენ დავუსვამთ ძალიან მწვავე კითხვებს ვიცეპრემიერ კალაძეს, რომელიც არის ამ მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილების ერთ-ერთი ინიციატორი", - თქვა კანდელაკმა.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, ის იმ უფასო 10%-ზე ნაკლებია, რასაც ქვეყანა ძველი კონტრაქტის შედეგად იღებდა. კახა კალაძე კი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა, მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები