NDI-ის კვლევა

NDI: უმეტესობისთვის, ხმის მიცემისას მნიშვნელოვანი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა იყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი საკითხი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, გამოკითხულთა 39% პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. 16%-ისთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ხოლო 10%-ისთვის პარტიის პოზიცია - ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

მათი უმეტესობისთვის, ვინც წავიდა არჩევნებზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ნდობა პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ - მნიშვნელოვანი (77%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 8%, უმნიშვნელო - 12%.
  • პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები - მნიშვნელოვანი (74%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 10%, უმნიშვნელო - 16%.
  • პარტიის წარსული საქმიანობა - მნიშვნელოვანი (73%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 10%, უმნიშვნელო - 16%. 
  • ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (48), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (15%), უმნიშვნელო - 34%.
  • პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი - მნიშვნელოვანი (43%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 17%, უმნიშვნელო - 35%.

ამასთან, NDI-სთან საუბარში, არჩევნებზე მისულ რესპონდენტთა (77%) უმრავლესობა (62%) ამბობს, რომ გადაწყვეტილება - ვისთვის მიეცა ხმა, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

კომენტარები