აბრეშუმის გზა

ჩინეთიდან ლონდონში პირველი მატარებელი უკვე ჩავიდა, მას თბილისზე არ გაუვლია

პირველი მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან ლონდონში ჩავიდა
independent.co.uk

12 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ ჩინეთიდან პირველი პირდაპირი სატვირთო მატარებელი უკვე ლონდონში ჩავიდა. მატარებელს ამ მანძილის დასაფარად 17 დღე დასჭირდა.

"აღმოსავლეთის ქარის სერვისი" შანგჰაის მახლობლად მდებარე, ჯეძიანის პროვინციიდან დაიძრა, მან გადაკვეთა 1) ჩინეთი 2) ყაზახეთი 3) რუსეთი 4) პოლონეთი 5) გერმანია 6) ბელგია 7) საფრანგეთი და 8) დიდი ბრიტანეთი.

მატარებელს საქართველოს მარშრუტით, ანუ ჩინეთი, ყაზახეთი (ბორნით კასპიის ზღვა), აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი - და შემდგომ ევროპა არ გაუვლია. მატარებელი ამ მონაკვეთით ვერც ისარგებლებდა, რადგანაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციაში გაშვება 2017 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა სერვისის დაწყება გადავადდა. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის საქართველოზე, აღნიშნული მონაკვეთი უკვე პრაქტიკულად მზადაა, ასევე დასრულებულია ლიანდაგების გამომცვლელი სპეციალური პლატფორმაც. რკინიგზის გახსნას თურქულ მონაკვეთზე არსებული ჩამორჩენა აფერხებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს.

საქართველოზე გამავალი მარშრუტის შედარებით მოწყვლადი მონაკვეთი კასპიის ზღვის მონაკვეთია, რომელიც აზერბაიჯან-ყაზახეთს შორის არსებული საბორნე გადაზიდვებით ხორციელდება, ზღვაზე არსებული შტორმები გადაზიდვების შეფერხების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლონდონში ჩასულმა "აღმოსავლეთის ქარის სერვისმა" 34 კონტეინერით £4 მილიონის ღირებულების საქონელი ჩაიტანა. მატარებლის ოპერატორი Yiwu Timex-ია.

მატარებელი ლონდონში დავოსის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად ჩავიდა. დავოსზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა გლობალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საქართველო ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად "ერთი სარტყელი, ერთი გზის" შემადგენელი ქვეყანაა. ჩინეთი უახლოესი წლების მანძილზე ამ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მარშრუტის ასეული მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტით დატვირთვას გეგმავს.

ჩინეთმა ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიზნით 2015 წელს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) დააფუძნა, ბანკს 50 დამფუძნებელი ქვეყანა ჰყავს, მათ შორის საქართველოა. ბანკი "ერთი სარტყელი, ერთი გზის" შემადგენელ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შეღავატიან კრედიტებს გასცემს.

კომენტარები