დონალდ ტრამპის ინაუგურაცია

გერმანიის ვიცეკანცლერი: ტრამპის გამოსვლა მკვეთრად ნაციონალისტური იყო

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიმართვა
AP

"რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ იყო მკვეთრად ნაციონალისტური ტონის შემცველი", - ტრამპის საინაუგურაციო სიტყვაზე ამბობს გერმანიის ვიცეკანცლერი სიგმარ გაბრიელი. გაბრიელისვე თქმით, ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აშშ-ში არსებულ მკვეთრ პოლიტიკურ რადიკალიზაციას წარმოაჩენს.

სიგმარ გაბრიელმა სახელმწიფო მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში, ისიც თქვა, რომ ტრამპს კონგრესის "მოლაპარაკე მაღაზიისთვის" შედარება გამორჩა, (საკანონმდებლო ორგანოს მოლაპარაკე მაღაზიას ადოლფ ჰიტლერი 1920-იან წლებში ადარებდა)

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლა განსაკუთრებით მკვეთრი ტექსტით გამოირჩეოდა, პრეზიდენტის თქმით, მისი ინაუგურაციით ხალხს ძალაუფლება დაუბრუნდა. საინაუგურაციო გამოსვლაში ტრამპმა დიდი დრო დაუთმო გაჩერებულ ქარხნებსა და უმუშევრად დარჩენილ მილიონობით ამერიკელზე საუბარს, რისთვისაც მისი ადმინისტრაცია გეგმავს "შეაჩეროს უცხოეთში ქარხნებისა და სამუშაო ადგილების გადინება და დააბრუნოს წარმოება ამერიკაში."

"დღევანდელ ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დღეს, ჩვენ არა მხოლოდ ერთიდან მეორე ადმინისტრაციას გადავცემთ ხელისუფლებას, არამედ ჩვენვაშინგტონს ვართმევთ ძალაუფლებას და გიბრუნებთ თქვენ, ხალხს.

წლების მანძილზე მცირე ჯგუფი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ძალაუფლების მოსავალს მოიმკიდა, მაშინ როდესაც, ხალხს ამის ფასის გადახდა უწევდა. პოლიტიკოსები მდიდრებოდნენ, ქვეყანაში კი სამუშაო ადგილები ქრებოდა, ქარხნები ჩერდებოდა.

პოლიტიკური ეტსაბლიშმენტი საკუთარ თავს იცავდა და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვებები არ იყო ჩვენი გამარჯვება, მათი ზეიმი არ იყო ჩვენი ზეიმი, და სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ზეიმობდნენ, გაჭირვებულ მოსახლეობას საზეიმოდ მიზეზი არ ჰქონდა.

ამ ყველაფრის ცვლილება იწყება აქ და ახლა, რადგანაც ეს თქვენი მომენტია, ის თქვენ გეკუთვნით",- ამბობს ტრამპი.

გერმანიის ვიცეკანცლერის თქმით, გერმანია და ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დასაცავად უნდა გამოვიდნენ.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპი გერმანელ ავტომწარმოებლებს იმპორტზე 35%-იანი სატარიფო მოსაკრებლით დაემუქრა. 

Bild-თან ინტერვიუში ტრამპმა BMW, Daimler და Volkswagen გააკრიტიკა. პრეზიდენტის თქმით, ამ მწარმოებლებმა გაყიდვების ძველ ნიშნულებზე შენარჩუნებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე უფრო მეტი ავტომობილის წარმოება უნდა შეძლონ.

"თუ გინდათ, რომ მსოფლიოს გარშემო აწარმოებდეთ ავტომობილებს, მე ამაში წარმატებებს გისურვებთ. შეგიძლიათ ააწყოთ მანქანები აშშ-ისთვის, მაგრამ ყოველი ავტომობილისთვის, რომელიც აშშ-ის მიწაზე შემოვა, თქვენ 35%-იანი ტარიფის გადახდა მოგიწევთ.

მე ვეტყოდი BMW-ს, რომ, თუ თქვენ მექსიკაში აშენებთ ქარხანას და ამ ავტომობილების აშშ-ში გაყიდვას გეგმავთ, დაივიწყეთ, 35%-იანი ტარიფის გარეშე ამას ვერ შეძლებთ", - ამბობს ტრამპი.

სიგმარ გაბრიელის შეფასებით, დონალდ ტრამპის მუქარა სერიოზულად აღსაქმელია.

დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები