გიორგი ცერცვაძის დაკავება

უტიაშვილი: შსს-ს შეეძლო ცერცვაძეზე ინფორმაცია არ გაეცა და გაესაჩივრებინა მისი ძებნა

ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და რონდელის ფონდის ექსპერტი, შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ცერცვაძის საქმეზე შსს-ს შეეძლო არ გაეცა ინფორმაცია. გარდა ამისა, უტიაშვილის თქმით, უწყება ვალდებული იყო ინტერპოლისთვის ეცნობებინა, რომ რუსეთი მის სტრუქტურას სამხედრო საქმეების გარკვევისთვის იყენებს.

„ასეთი პირდაპირი ვალდებულება არ არის, იმიტომ, რომ მაშინ გამოდის, რომ რუსეთს შეუძლია მიიღოს ნებიმიერი ინფორმაცია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, რომელზეც ის საქმეს აღძრავს. საქართველოს მთავრობას არათუ შეეძლო არ გაეცა ეს ინფორმაცია, ვალდებული იყო ეთქვა, რომ რუსეთი იყენებს ინტერპოლს სამხედრო საქმეების გარკვევისთვის, რაც არის ინტერპოლის სტრუქტურისთვის დაუშვებელი. არ უნდა მიეცა ინფორმაცია და გაესაჩივრებინა არა მხოლოდ ამ ოფიცრის, არამედ სხვების ძებნაზე დაყენება და ეცადა მათი მოხსნა ძებნიდან“, - აცხადებს უტიაშვილი ტაბულასთან.

მისივე თქმით, საქართველოს ინფორმაციის მოთხოვნის იგნორირებაც შეეძლო.

„უკვე ტენდენციის სახე მიიღო, რომ რუსეთი ცდილობს პოლიტიკური და სამხედრო პრობლემები მოაგვაროს ინტერპოლის მეშვეობით, რაც არის დაუშვებელი ინტერპოლის სტრუქტურისთვის. არავის აქვს მოლოდინი, რომ მაგალითად, რუსეთი რაიმე ინფორმაციას მოგვცემს საქართველომ რომ მოითხოვოს რუსი ოფიცრის ან ჯარისკაცის ძებნა, რომელიც სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ჩვენ რატომ უნდა მიგვეცა? შსს-ს თავისუფლად შეეძლო ამ მოთხოვნის იგნორირება“, - აცხადებს უტიაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ტაბულას კითხვას ადასტურებენ თუ არა, რომ ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ თავად გადასცეს, შსს-ში არ პასუხობენ.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი ცერცვაძის საქმესთან უწყებას შემხებლობა არ აქვს. ამის შესახებ ტაბულას უწყების პრესსამსახურმა უთხრა.

კომენტარები