ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობა

ტრამპი მსოფლიოს ყველაზე დიდი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნაზე უარს ამბობს

Getty Images

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სავარაუდოდ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსწყნაროკეანური თავისუფალი სავაჭრო სივრცის (TPP) გაუქმებას და ჩრდილოამერიკული თავისუფალი სავაჭრო სივრცის (NAFTA) გადახედვას ისახავს მიზნად.

TPP ამოქმედების შემთხვევაში, მსოფლიოს უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა. მისი მეშვეობით წყნარი ოკეანის ორივე სანაპიროს უმსხვილესი ეკონომიკები ნულოვანი ტარიფებით ივაჭრებდნენ. 

TPP-ის ჩამოყალიბებას ხელი 12-მა სახელმწიფომ მოაწერა, ესენია: აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მექსიკა, მალაიზია, პერუ, სინგაპური, ჩილე, ბრუნეი, ახალი ზელანდია და ვიეტნამი. ორგანიზაციას ჩამოყალიბებისთვის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია ესაჭიროებოდა.

შეთანხმების მიღწევაზე ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 5 წლის მანძილზე მუშაობდა. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს შეთანხმება "დამღუპველი" იქნებოდა აშშ-ის ეკონომიკისთვის.

ამერიკას შეთანხმების წევრ ქვეყნებთან გასულ წელს $727 მილიარდის მოცულობის ექსპორტი და $882 მილიარდის ღირებულების იმპორტი ჰქონდა. შეთანხმებით, აშშ უარს ამბობდა იმპორტირებული საქონლიდან მიღებულ საგადასახადო შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სანაცვლოდ. შეთანხმება ამერიკულ პროდუქციას TPP-ის წევრ ქვეყნებში უფრო ხელმისაწვდომს გახდიდა.

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთამერიკული თავისუფალი სავაჭრო სივრცის (NAFTA) გადახედვასაც გეგმავს. ბილ კლინტონის ხელმოწერილი NAFTA აშშ-ს, კანადასა და მექსიკას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს და მას ტრამპი ყველა დროის ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებას უწოდებს. 

პროტექციონიზმის ზრდა აშშ-ში

დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო მიმართვაში განაცხადა, რომ პოლიტიკური პრიორიტეტი "აშშ-ში სამუშაო ადგილებისა და ქარხნების დაბრუნება იქნება". ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობისას ორი მარტივი სახელმძღვანელო წესი იარსებებს - "იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი".

"ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, განსხვავებული რეალობა არსებობს: დედები და ბავშვები ჩვენსავე ქალაქებში სიღარიბეს ებრძვიან. დაჟანგებული ქარხნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიცვალებულთა საფლავებივით გამოიყურებიან; ჩვენი განათლების სისტემა ფულში იხრჩობა, ჩვენი ახალგაზრდა და მშვენიერი სტუდენტები კი ამ სისტემისგან სარგებელს ვერ იღებენ; ქუჩებში კი კრიმინალი მძვინვარებს. კრიმინალურმა დაჯგუფებებმა და ნარკოტიკებმა უამრავი სიცოცხლე შეიწირეს და ჩვენი ქვეყანა გაძარცვეს, რომლის უზარმაზარი პოტენციალიც რეალიზაციის გარეშე დარჩა.

ეს ამერიკული სასაკლაო აქ და ახლა გაჩერდება", - ამბობს ტრამპი.

გლობალური ვაჭრობის ტემპი იკლებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2012 წლის შემდგომ გლობალური ვაჭრობის ზომა ყოველწლიურად მხოლოდ 3%-ით იზრდებოდა, ეს გასული სამი ათწლეულის მანძილზე ვაჭრობის ზრდის მინიმალური ტემპია. IMF-ის ცნობით, 1985-დან 2007 წლების ჩათვლით გლობალური ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპთან შედარებით დაახლოებით ორჯერ სწრაფად იზრდებოდა.

მთავარი ექსპორტიორის, ჩინეთის ექსპორტი 6%-ით შემცირდა

2016 წელს ჩინეთის ექსპორტი შემცირდა. ჩინეთის ცენტრალური საბაჟო სისტემის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან ექსპორტზე $1.7 ტრილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია. ექსპორტზე მეტად, 7.3%-ით ჩინეთში იმპორტის მოცულობა შემცირდა. პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის მანძილზე ჩინეთმა ყურადღება ექსპორტზე ორიენტირებული ზრდიდან შიდა მოხმარებასა და ადგილობრივ ბაზარზე გადაიტანა.

კომენტარები