მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკი (სებ) მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. სებ-მა მონეტარული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით 6.75%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი ქვეყანაში არსებულ ინფლაციის მაჩვენებელს სწორედ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით მართავს, დღევანდელი გადაწყვეტილება კი გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს უკავშირდება. 

ეროვნული ბანკი მომდევნო ორი კვარტალის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთს 7%-მდე გაზრდის. ამ გადაწყვეტილებით კი, მათ, ვისაც ლარში ნომინირებული სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, ჯერ 0.25%-ით, შემდგომ კი 0.5%-ით გაუძვირდებათ.

საქართველოში ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. ეროვნული ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და მის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს ზრდის ან ამცირებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება:

"გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. თუმცა, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება.

პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა. თავის მხრივ გაცვლითი კურსის დინამიკას მეტწილად გასული წლის მეორე ნახევრიდან თურქული ლირას გაუფასურება და აშშ დოლარის გლობალური გამყარება განაპირობებდა.

ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე. ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება.

მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა.

პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. 2016 წლის მეოთხე კვარტალში საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური კლება ზრდით შეიცვალა. თუმცა, ამასთანავე გაიზარდა იმპორტიც, რამაც გააუარესა წმინდა ექსპორტი. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, 2015 წელთან შედარებით მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება", - წერია განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო მონეტარული პოლიტიკა 2015 წელს გაამკაცრა. 2016 წლის გაზაფხულზე კი, ლარის გამყარებისა და ინფლაციის შემცირების გამო, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 8%-დან რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 7.5%, შემდეგ 7%, 6.75%-მდე და ბოლოს 6.5%-მდე შეამცირა. 

ეროვნული ბანკი თავდაპირველი პროგნოზით რეფინანსირების განაკვეთის 6%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა 2016 წლის ბოლოს ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ ინფლაციური მოლოდინები გაზარდა. 2016 წლის 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში სებ-მა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გაზრდიდა. 

2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%.

კომენტარები