ეკონომიკური ზრდა

ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკის ზრდის პროგნოზი რეალისტურია, გამიხარდება თუ გამართლდება

დიმიტრი ქუმსიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საპროგნოზო 4%-საც გადააჭარბოს. Bloomberg-თან ინტერვიუში ქუმსიშვილი მაღალი ზრდის მიზეზად მოგების გადასახადის რეფორმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს.

2017 წლის ბიუჯეტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზზე ოპტიმისტურია და ის - 5.2%-ს შეადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილმა Bloomberg-თან განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის ზრდის პროგნოზი რეალისტურია და სასიხარულო იქნება თუკი ის გამართლდა.

"მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ მგონია, რომ საკმაოდ რეალისტურია და გამიხარდება თუ ეს პროგნოზი გამართლდება", - ამბობს მინისტრი.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.3%, 2019 წელს კი 5% იქნება.

2016 წლის თერთმეტ თვეში ეკონომიკური ზრდა 2.4% იყო, ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით 3%-იანი ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი, თუმცა დეკემბერში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით სამიზნე ზრდად 2.7% განისაზღვრა.Bloomberg-თან საუბარში ქუმსიშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს, ამასთანავე, იგეგმება ჩინელი ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაც.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკაზეც ისაუბრა, მისი თქმით, "პროგრამა მომდევნო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას შეამცირებს". ქუმსიშვილის თქმით, "ეროვნული ვალუტის პატივისცემა მყარი და განვითარებული ქვეყნის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს".

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები