ე.წ. კაბელების საქმე

საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნი მიიჩნევს, რომ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

"საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ. სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალების თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებ", - აღნიშნა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. როგორც მათი ადვოკატი ლევან სამუშიას ამბობდა, დაკავებულები 2 თვეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ. 

კომენტარები