მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

კახიძე ქარდავას ინტერვიუზე: ციხეებში 2012 წლამდე ვითარების გამართლება მიუღებელია

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლამდე ციხეებში არსებული ვითარების გამართლება კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ კახიძემ ტაბულას, შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას განცხადების კომენტირებისას უთხრა.

ქარდავამ აფხაზეთის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა და ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რაც სისტემურ პრობლემად წინა ხელისუფლების „ერთმა ჯგუფმა“ აღიარა.

ტაბულასთან საუბარში ოთარ კახიძე ამბობს, რომ მისი აზრით, ქარდავა ამ ჯგუფში ენმ-დან წასულებს გულისხმობს.

„ცუდია, თუ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული პირები ამგვარად აყენებენ საკითხს, რომ წარსულის ადეკვატური შეფასება არის თავზე ნაცრის დაყრა. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით 2012 წლამდე ციხეში არსებული ვითარების იმგვარ შეფასებას, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ამ სიტუაციის გამართლება არის ჩვენთვის მიუღებელი. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რა პრობლემების წინაშე ვიდექით მაშინ, გავიაზროთ ჩვენი შეცდომები და სამომავლოდ ადამიანის უფლებათა ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც ადამიანთა წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას გამორიცხავს. ამ საკითხებზე პოზიციონირება იყო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის“, - ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ქართულმა ოცნებამ“ 5 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა.

„ქართულმა ოცნებამ არაფერი გააკეთა 5 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეღო პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე. არ გამოიძია ციხეში არსებული ვითარება, გამოიყენა ეს პოლიტიკური სპეკულაციისთვის და გააფორმა საპროცესო შეთანხმებები მწამებლებთან, რამაც, ბუნებრივია, უამრავ სპეკულაციას მისცა დასაბამი“, - თქვა მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა.

შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავასთან ინტერვიუ აფხაზეთის ხმამ გუშინ, 31 იანვარს გამოაქვეყნა. ქარდავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, მათ შორის ციხის კადრებზე და ე.წ. კასრების საქმეზე საუბრობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ნიკა რურუა აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "ასეთ ინტერვიუებს არ კითხულობს".

ტაბულა ესაუბრა ენმ-ის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ნუგზარ წიკლაურს. მისი თქმით, ინტერვიუ არ წაუკითხავს და არ იცის დღეს წაიკითხავს თუ არა.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ტაბულა ცდილობს მათთან დაკავშირებას.

კომენტარები