რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მოსამართლეებს სთხოვდნენ, საჩივარი გაეტანათ ან შეეცვალათ

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის საქმის განმხილველ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სთხოვდნენ, რომ პროკურატურიდან განცხადება ან გაეტანათ, ან მისი შინაარსი შეეცვალათ.

"საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც საერთო სასამართლოების მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ამხელენ სისტემას შიგნიდან, ამხელენ ხელისუფლებას შიგნიდან და აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეშ ზეწოლას", - ამბობს გვარამია და იხსენებს მოსამართლე ია ბარამიძისა და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების შემთხვევებს. "ასეთი ტიპის განცხადებები ჩვენ ნანახი გვაქვს. ერთი შემთხვევა იყო მოსამართლე ია ბარამიძის, როდესაც მაშინდელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, გააკეთა საჯარო განცხადება - ეს იყო სწორი და ეს იყო სამოქალაქო გმირობა მისი მხრიდან. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და წევრებმა საჯაროდ გააკეთეს მსგავსი განცხადებები - ეს ასევე იყო სწორი და სამოქალაქო გმირობა მათი მხრიდან". 

"ჩვენ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ამას აკეთებს საქმის განმხილველი მოსამართლე. დამატებით განვმარტავ, რომ როდესაც მიმდინარეობს მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაცია, ეს ჯდება არა სისხლის სამართლის, არამედ სხვა კანონმდებლობის მოთხოვნებში - ე.წ. აკრძალული კომუნიკაციების შესახებ კანონი არეგულირებს ამას და ხდება მიმართვა იუსტიციის საბჭოსთვის და დაჯარიმება უკანონო კომუნიკატორის. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის შემთხვევა უბრალოდ უკანონო კომუნიკაციის. ეს არის შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მათზე მიმდინარეობს იმგვარი ზეწოლა, რომელიც უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის ნორმებით, კერძოდ მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის ნორმით. ეს შეიძლება მოიცავდეს არა უბრალოდ მათთან კომუნიკაციას, არამედ სხვადასხვა ტიპის უხეშ ზეწოლას", - ამბობს გვარამია.

გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას შეგნებულად არ აკეთებდნენ, სანამ ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ დასრულდებოდა.

"ჩვენ, აბსოლუტურად შეგნებულად არ ჩავატარეთ არცერთი ბრიფინგი და არ გავაკეთეთ არცერთი განცხადება, ვიდრე არ დასრულდებოდა ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი და არ იქნებოდა საბოლოო კენჭისყრა იმიტომ, რომ ვიცით, რომ ევროპარლამენტი ძალიან სენსიტიურია იმგვარი განცხადებების მიმართ, რომელიც ეხება მედიის თავისუფლებას და სასამართლოს თავისუფლებას. ვიცით, რომ მათ შორის რუსთავი 2-ის საქმე ძალიან ბევრჯერ გახდა გადამწყვეტი. დღეს, როცა ეს პროცესი დასრულებულია, ჩვენ ამ განცხადებას ვაკეთებთ, ვაკეთებთ ძალიან მწვავედ და გავასაჯაროებთ რამდენიმე ინფორმაციას", - თქვა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იმიტომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ის არის სახელმწიფოს და არა მოსამართლეების მოკავშირე.

"პირველ რიგში გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან: რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი? რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი, საჯარო ინტერესის მქონე და სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროება? - ეს კითხვა რიტორიკულია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე. იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე, მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მომსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა უკვე საიმისოდ, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი მოტივაცია, უფრო სწორად, სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები, რომლებიც აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები. ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე გენერალური პროკურატურის მხრიდან.

ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება, დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები სახელმწიფო სისტემაში, მათ შორის, პირველ რიგში, სამართალდაცვით სისიტემაში. ეს რომ ასე იყო, დასტურდება იმითაც, რომ მას შემდეგ, რაც მიზანი მიღწეული ვერ იქნა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ბინძური მეთოდებით, მათი კონტროლირებადი მედიის საშუალებით, სადაც შედის ბედუკაძის ტელევიზია და „იმედი“, დაიწყეს ზეწოლა მოსამართლეებზე უკვე შავი პიარის მეშვეობით. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რას მოქმედებენ ეს რუსული შინაარსის სახელისუფლებო მედიები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა სახელმწიფო. სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქცევა დანაშაულებრივად", - თქვა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე

გვარამიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ყველა შტო, გარდა პრეზიდენტისა, ჩართულია დანაშაულებრივ ქმედებაში. 

"პრაქტიკულად, ყველა მისი შტო ჩართულია ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში და ეს არის ორკესტრირებული საქმიანობა და მას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი - ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამაში ჩაბმული არ არის, არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერთან ერთად არის მოსამართლეების დამოუკიდებლობის და კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელების გარანტი. ასევე, სიტყვის თავისუფლების გარანტი. ჩვენ ვთხოვთ მას, რომ ღრმად შეისწავლოს ეს საქამე. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ გამოქვეყნდეს ამ განცხადების შინაარსი და შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე, არა მხოლოდ ჩვენი საქმის გადაწყვეტის ნაწილში, არამედ იმ ნაწილში, რომ მათ შეცვალონ ამ განცხადების შინაარსი. ეს ზეწოლა არის ძალიან ფართომასშტაბიანი იმიტომ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა არამხოლოდ ამ მოსამართლეებთან, არამედ მათ ოჯახის წევრებთან, მათ ახლობლებთან...", - განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მასთან მოლაპარაკებები არის სრულიად უმიზნო, რადგან ის მართალია. მისივე თქმით, რუსთავი 2, თავისი ბრძოლით, აპირებს, გადაარჩინოს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

როგორც პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, საქარველოს მთავარმა პროკურატურამ  2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნება 2 დღის წინ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს, სადაც ვითომდა საყვარელიძე აღნიშნულ მოსამართლეებს ახსენებს და განმარტავს, რომ მათ "ამანათები გაეგზავნათ". ჩანაწერის ავთენტურობა არაა დადასტურებული. 

კომენტარები