რუსთავი 2-ის საქმე

POG: მოსამართლეებმა წერილები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირისგან მიიღეს

მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის საქმიანობაში ჩარევა არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის მხრიდან მოხდა. პროკურატურა ამ განცხადებაში თავად ამ მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვებს ეყრდნობა. 

ამასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, პროკურატურამ მოსამართლეებს განცხადების შინაარსი შეაცვლევინა.

პროკურატურის განცხადებით, "გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბ. ალავიძის და პ. ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში, რომლებიც მოსამართლეებმა წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, "ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები. გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. გამოძიების სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე პროკურატურა ვერ ისაუბრებს".

გამოძიება 14 იანვარს დაიწყო სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები