ხანძარი ბავშვთა სამყაროში

მერია: "ბავშვთა სამყაროს" უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიის შემოღობვა დაევალა

ტაბულა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია. ასევე, არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება.

უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე "სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკზონების განეიტრალება".

"საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის მერიამ უკვე მიმართა წერილით სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ს ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა. შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამოირიცხოს უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, "ბავშვთა სამყაროს" შენობას მოედო.

ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა.

კომენტარები