დღეს ასწლოვანი მაგნოლიის გადასატანად რკინიგზის ელექტროსადენებს ჩახსნიან

რუსთავი 2

ასწლოვანი მაგნოლიის გადასატანად, დღეს, 13:00 საათზე ჩაქვის მონაკვეთზე რკინიგზის ელექტროსადენებს ჩახსნიან - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, სამუშაოების ხარჯებს მთლიანად ქართუ ჯგუფი ფარავს.

"დღეს არის დაგეგმილი გარკვეული სამუშაოები ჩაქვის მონაკვეთზე. დრო სპეციალურად ისე შეირჩა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლების არ მომხდარიყო შეფერხება. ისეთი დრო არის შერჩეული, როდესაც არ არის არანაირი მოძრაობა და ამ დროს მოხდება გადატანა. სამუშაოების ხარჯების 100%-ს მთლიანად ფარავს ქართუ ჯგუფი", - უთხრეს ტაბულას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში.

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მაგნოლიის გადატანის პროცესი გუშინ გამთენიისას დაიწყო, თუმცა, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებული იყო და ავტომობილებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევდათ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობის შეფერხება ხის გადატანამ გამოიწვია. 

ამასთან, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხის გადატანის გამო გადაკეტილ მოძრაობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების შედეგად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი დააკავეს.

კომენტარები