რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურა: ვასაჯაროებთ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის მტკიცებულებებს

მთავარი პროკურატურა

პროკურატურა რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვებსა და სხვა დოკუმენტაციას აქვეყნებს, რომელთა საფუძველზეც, უწყების მტკიცებით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა დასტურდება.

პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 11 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც "მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს". [ანალოგიური წერილი წარმოადგინა პროკურატურამ ბესარიონ ალავიძის სახელზე]

პროკურატურა ასევე ასაჯაროებს მოსამართლეების მობილურ ტელეფონებზე უკრაინული ნომრიდან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, თუმცა, ამბობს, რომ მათი მფლობელის ვინაობა უცნობია.

"მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა", - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეობს სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. პროკურატურის განცხადებით, მოსამართლეებს წერილები და შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.

კომენტარები