შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექცია ფრესკოში შესვლას გეგმავს

facebook.com/pg/FrescoRetailGroup

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექცია სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს შემოწმებას გეგმავს. ფრესკო თანამშრომელთა შრომითი ექსპლოატაციისა და იძულებით შრომის ნაწილში შემოწმდება. შემოწმების მიზეზი სუპერმარკეტის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ფრესკოში არაადამიანური სამუშაო პირობებია. 

გთავაზობთ ფრესკოს თანამშრომელთა facebook განცხადების ნაწილს: 

"დღევანდელ საქართველოში სამსახურეობრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება, ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის, რაც ფრესკოში ხდება, ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:

1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოადგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.

2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით (რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.

7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძულეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით", - წერია განცხადებაში.

თანამშრომელთა განცხადებას ფრესკომ უპასუხა. კომპანია ბრალდებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ბოიკოტის გამოცხადება ამ თანამშრომლების მიერ "საკუთარი შემოსავლისთვის და ჯიბეებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას წარმოადგენს":

ფრესკოს პასუხი თანამშრომლებს: 

"1) ქურდი - ციხეში!

2) უნიათო, უსაქმური და მუქთახორა - ფრესკოს გარეთ!

3) ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით, დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები. 

4) ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოვებული სიმართლესთან: "ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას" - 
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს.

5) პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს - თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს.

6) „ფრესკო“, კანონის ფარგლებში, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.

7) და ბოლოს, „ფრესკოს“ თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება!

ფრესკო ლუზერების გარეშე!"- წერია ფრესკოს ოფიციალური გვერდის განცხადებაში. 

კომენტარები