შრომის ინსპექცია

ომბუდსმენი ხელისუფლებას ეფექტური შრომითი ინსპექციის დროულად შექმნას სთხოვს

bpn.ge

სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლებას, ვითარების რადიკალურად შესაცვლელად მკაცრი ზომების მიღებას სთხოვს. 

სექტემბრის თვეში მედიით ცნობილი გახდა 4 ფაქტის შესახებ, როდესაც სამუშაო ადგილზე 4 მუშა დაიღუპა, 5 კი დაშავდა, თუმცა, ომბუდსმენის აზრით, შრომის ინსპექციის დროულად შექმნისთვის პოლიტიკური ნება არ ჩანს. 

"პირველი შემთხვევა ბათუმში, 8 სექტემბერს მშენებლობაზე მოხდა და მას 2 მუშა ემსხვერპლა. მეორე შემთხვევაში თბილისში, 16 სექტემბერს ყოფილი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მესამე შემთხვევაში თბილისში, 28 სექტემბერს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. მეოთხე ფაქტს ბათუმში, 30 სექტემბერს ჰქონდა ადგილი, როდესაც მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 5 მუშა დაშავდა. 

ნაცვლად პრევენციული ღონისძიებების გატარებისა, სახელმწიფო პასიურ როლშია, ამავდროულად, ვერ ხერხდება ადეკვატური რეაგირება უკვე მომხდარ შემთხვევებზე. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში მიმდინარე წლის 1 ივნისს ინიცირებული კანონპროექტი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. იმედია, სახალხო დამცველის მიერ მასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, ხოლო კანონის მიღება არ გაჭიანურდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციით, მისი ძირითადი დებულებები პრაქტიკაში მიღებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ ამოქმედდება, რაც ასევე დიდი დროა და გადახედვას საჭიროებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, პრიორიტეტულად მიიჩნიონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს დროულად უზრუნველყოფა ქვეყანაში, დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები ეფექტიანი შრომის ინსპექციის შესაქმნელად და მის პრაქტიკაში ასამოქმედებლად", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

კომენტარები