სირიის კრიზისი

Amnesty International: სირიის ციხეში 13 000-ზე მეტი ადამიანი საიდუმლოდ ჩამოახრჩვეს

AFP

Amnesty International-ის ინფორმაციით, სირიის ციხეში 13 000-ზე მეტი ადამიანი საიდუმლოდ ჩამოახრჩვეს.

"შუაღამისას სეიდნაიას ციხეში, სირიაში, პატიმრები გააღვიძეს და უთხრეს, რომ სხვაგან გადაჰყავდათ. ისინი თვალებახვეულები გამოვიდნენ საკნებიდან და არ იცოდნენ სად მიდიოდნენ ან რისთვის მიდიოდნენ, სანამ ყელზე თოკის მარყუჟი არ იგრძნეს", - წერს ორგანიზაცია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩამოსახრჩობად სეიდნაიას ციხიდან კვირაში ორჯერ 50 პატიმარზე მეტი გამოჰყავდათ.

ორგანიზაციის ცნობით, საიდუმლო რეჟიმს 13 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ორგანიზაცია ინფორმაციას მრავალწლიან გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიება მოიცავს ინტერვიუს 84 მოწმესთან. მოწმეებს შორის არიან ციხის დაცვის თანამშრომლები, მოსამართლეები, ადვოკატები და დაკავებულები.

ჩამოხრჩობილთა ძირითადი ნაწილი უბრალო მოქალაქეა, რომელიც ციხეში სირიის მთავრობის საწინააღმდეგო შეხედულების გამო მოხვდა. გამოძიების ცნობით, მათ ჩამოხრჩობაში სირიის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

დოკუმენტთან დაკავშირებით სირიის მთავრობა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები