რუსთავი 2-ის საქმე

საკრებულოს ოპოზიცია: გაუქმდეს მოსამართლის ოჯახისთვის მილიონის მიცემის დოკუმენტი

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ საკრებულოში განკარგულების პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციების წარმომადგენლებს განსხვავებული იდეოლოგია და ხედვები აქვთ, ერთად დგანან მედიისა და სასამართლოს თავისუფლების დასაცავად, როდესაც ქართული ოცნება უტევს მათ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მამუკა ახვლედიანი კიდევ ერთხელ განმარტავს "კორუფციული გარიგების" გარემოებებს.

"გასული წლის 23 დეკემბერს მიიღეს ეს განკარგულება. ნაზღაიძის ოჯახს თბილისის მთავრობამ და საკრებულომ აჩუქა 1 მილიონი, ნაწილი თანხად, ნაწილი უძრავ ქონებად - ვითომ გამოისყიდეს ვითომდა მოსამართლის ძმისგან, ზვიად ნაზღაიძისგან ნაკვეთი, რომელიც წლების მანძილზე არ ეკუთვნოდა ნაზღაიძეს. ფრაქციებმა ამოვიღეთ ყველა დოკუმენტაცია, სხვადასხვა ხელშეკრულება, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე მესაკუთრე საქართველოს ბანკი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, სტიქიამდე ნაკვეთის ღირებულება 971 000 ლარი იყო, მერიის მიერ შეძენის მომენტში კი 23 000.

ნაზღაიძე მესაკუთრე ხდება 2016 წლის 29 ნოემბერს, სტიქიიდან წელიწადნახევრის შემდეგ. ამ დროს მერია იღებს გადაწყვეტილებას, ნაზღაიძეს აუნაზღაურდეს ის თანხა, რაც იყო სტიქიამდე. თბილისის საკრებულო შეიყვანეს შეცდომაში, არ ჰქონდათ მათ სრული ინფორმაცია. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ძველი დადგენილების ბათილად ცნობისთვის, საკრებულოს უმრავლესობას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, რათა ბათილად ვცნოთ განკარგულება და აღდგეს 2016 წლის დეკემბრამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, თბილისის მთავრობამაც განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, კატეგორიულად მოვითხოვთ", - თქვა ახვლედიანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, მარინა დათუკიშვილი კი საქმესთან დაკავშირებით ახალ გარემოებებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ მერიამ გარკვეული დოკუმენტაცია დამალა და საკრებულოს წევრები შეცდომაში შეიყვანა.

"1. როდესაც 2013 წელს საქართველოს ბანკმა ზვიად ნაზღაიძეს დაუდო ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი გადაიფორმა, დაუდო ოფციის უფლებით. ოფცია გაუუქმდა 2015 წლის 1 ივლისს. დავით ნარმანიამ დამალა ეს დოკუმენტი. ბანკმა მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც 2015 წლის ნოემბერში ნაზღაიძეს გაუუქმა ოფცია და მას აღარ ჰქონდა არც ოფციის და არც ოფციის გარეშე შეხება ნაკვეთთან.

2. ბატონ ნაზღაიძეს, როდესაც სანდრო ეულის ქუჩაზე გადასცეს მიწის ნაკვეთი, 1200 კვ.მ-ზე უნდა განეხორციელებინა ინფრასტრუქტურული პროექტები, დანარჩენზე კი მოეწყო პარკინგი 70 000 დოლარის ვალდებულებით. საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილში კი, ნაზღაიძეს არ აქვს ვალდებულება და ყველგან აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უფლება. მას ვალდებულების გარეშე გადაეცა 5000 კვ.მ.

მინდა, შევეხმიანო საკრებულოს უმრავლესობის წევრებს. თუ თვლიან, რომ ნარმანიამ ისინი შეცდომაში შეიყვანა, უნდა გაუქმდეს განკარგულება. თუ ეთანხმებიან, გაითვალისწინონ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია", - თქვა დათუკიშვილმა.

ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილიც.

"საქმე იმაშია, რომ თბილისის მერიამ თვენახევრის წინ ძალიან უტიფრად განახორციელა თაღლითური და კორუფციული თემა. დამალეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ კონკრეტულ ადამიანს აღარ ჰქონდა ქონებაზე უფლება. შეცდომაში შეიყვანეს საკრებულო, მათ შორის უმრავლესობა, რის შედეგადაც თბილისის ქონება გადაეცა ადამიანს, რომელსაც 1 ლარიც არ ეკუთვნოდა. ეს მოხდა შეგნებულად და იმისთვის, რომ მოსამართლე ნაზღაიძემ მიითო სინდისის, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე. მას გაუკეთეს ფეშქაში თბილისელების ხარჯზე.

ვიბრძოლებთ, რომ გამოიძიონ და დაისაჯონ შესაბამისი პირები. თბილისის საკრებულომ კი უნდა შეინარჩუნოს ღირსება და ამ განკარგულების პროექტით უახლოეს სხდომაზე ბათილად ვცნოთ და ჩამოვართვათ ამ ადამიანს 1 მილიონი და დავუბრუნოთ თბილისის ბიუჯეტს. მოვუწოდებ ქართული ოცნების უმრავლესობას, მხარი დაგვიჭირონ და გავაუქმოთ კორუფციული სქემა და თბილისის მერიის სამარცხვინო გადაწყვეტილება", - თქვა ელისაშვილმა.

დეპუტატებმა მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს სხდომაზე გაიტანოს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონი გადასცა. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულებით, მოსამართლის ოჯახს მერიამ სანდრო ეულის ქუჩაზე 515 000 ლარად შეფასებული 5000 კვ.მ. მიწა გადაუფორმა, 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, 43 000 დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ის ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნული საქმე გამოიძია და შემდეგ მედიას მიაწოდა. აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში მდინარის პირას ნატალია ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა, მერიამ მაინც გადაწყვიტა ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მერიამ მოსამართლის ოჯახს, საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, კომპენსაციის მიზნით მისცა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით კი, მერია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ნაკვეთით ინვესტორი იყო დაინტერესებული.

მოსამართლე ნატალია ნაზღაიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები