ფარული მოსმენები

ფარული მოსმენების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან

გარემოს დაცვის სამინისტრო

ფარული მოსმენების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან. მთელი დღის განმავლობაში კომიტეტებსა თუ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კამათი მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ პირველი მოსმენით კენჭისყრა ვერ მოესწრო.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ქართული ოცნების მიერ მიღებული ფარული მიყურადების საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა, შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის წევრების მიერაა მომზადებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტო კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. სააგენტოს ეკისრება შემდეგი ღონისძიებები: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

დღეს კამპანიამ "ეს შენ გეხება" კანონპროექტის ძირითადი რისკები და საფრთხეები გამოაქვეყნა:

"კანონპროექტით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: "რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს”. კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული - საჯარო სამართლის იურიდიული პირი კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და ამავე დროს ინარჩუნებს საგამოძიებო/ოპერატიული სამსახურის ბუნებას. ფარული მოსმენების ტექნიკური განხორციელების გარდა, სააგენტო პასუხისმგებელია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვაზე. აგრეთვე ახორციელებს ფარულ აუდიო/ვიდეო ჩაწერას, აწარმოებს პირის გამოკითხვას, ცნობების შეგროვებას და ვიზუალურ კონტროლს, საგნებისა და დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურას და აშ.

სააგენტო არაა საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიებით აღჭურვილი -  სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურებს შეარჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და წარუდგენს კომისიას, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს. ახალ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუკი სააგენტოს უფროსი არაჯეროვნად ასრულებს უფლებამოსილებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი გათავისუფლების შესახებ წინადადებით მიმართავს პრემიერმინისტრს. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს ნიშნავს სუს-ის უფროსი და განუსაზღვრავს უფლებამოსილებებს.

ფარული მოსმენების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა იზრდება - სააგენტოს ასევე შეიძლება, ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოები. შესაბამისად, ნაცვლად არსებული რეალობისა, როდესაც სუს-ის მხოლოდ ერთი დეპარტამენტი ახორციელებს მოსმენებს, შესაძლოა, შეიქმნას რამდენიმე სტრუქტურული ერთეული.

სააგენტოს კონტროლის მექანიზმები ფორმალურია - სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის გარდა, სააგენტოს კონტროლის ყველა სხვა მექანიზმი ფორმალური ან სუსტია: მცირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის ბერკეტები და იგი აღარ მონაწილეობს ტექნიკურად ფარული მოსმენების დაწყების პროცესში; პრემიერმინისტრის კონტროლი მხოლოდ მისთვის ანგარიშის წარდგენით შემოიფარგლება, თუმცა მანამდე ეს ანგარიში სუს-ის უფროსს წარედგინება; საპარლამენტო კონტროლი კი მხოლოდ ნდობის ჯგუფისათვის სტატისტიკური და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენით ამოიწურება.  

სააგენტოს ჩაერევა კერძო კომპანიების საქმიანობაში -  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში მყოფი სააგენტო არა მარტო ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, არამედ უხეშად ერევა კერძო კომპანიების საქმიანობაში. სააგენტოს უფლება ეძლევა, ჩაატაროს ინფრასტრუქტურული აუდიტი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიაში, დააჯარომოს იგი (მაქსიმუმ 200 000) და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვოს მისთვის ავტორიზაციის შეჩერება", - ნათქვამია კამპანიის განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის განხილვისას მთელი დღის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ამ ცვლილებებით სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა.

"ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება", - მიმართა "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ოთარ კახიძემ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორ ეკა ბესელიას, რომელიც, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას, "რომანტიკული" კანონის გამო, ხელისუფლება საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები