საქართველოს საპატრიარქო

პრემიერი: უბედურება ავიცილეთ, აღკვეთილია ეკლესიის  წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა

პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი კვირიკაშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, "ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა".

პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ სტრუქტურებს იმისთვის, "რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება".

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას.

"გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა.

მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, თუმცა, "საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე", პროკურატურა მათ გასაჯაროებას და "დეტალებზე საუბარს" არ აპირებს. შოთაძის თქმითვე, ამ ეტაპზე, დანაშაულის სავარაუდო მოტივი - ანგარებაა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქმეს "არანაირი გრიფი საიდუმლო არ ადევს". 

ამასთან, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა დღეს თქვა, რომ ილია მეორეს არ სჯერა მისი შესაძლო მოწამლვის ვერსიის.

კომენტარები