საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი: თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა

მეუფე იაკობი
ipn.ge

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას არ გაცნობია. მისი თქმით, "თუ პროკურატურა აცხადებს, ალბათ ბოლომდეც გაიხსნებიან, ისეთი თემაა ეს". კითხვაზე, "ენდობით პროკურატურის განცხადებას"? - მეუფე იაკობი პასუხობს, რომ "გავეცნობი".

რაც შეეხება თავად მაღალი სასულიერო იერარქის მოწამვლის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზს, პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ "რავიცი აბა, დაკავებულ ადამიანზე რა გელაპარაკოთ. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა, რამე ვთქვა".

მეუფე იაკობის თქმით, "მე არ ვიცი, მოწამვლას შეეხებოდა თუ რას შეეხებოდა, არ ვიცი, პროკურატურის განცხადებას უნდა გავეცნო, არ გავცნობივარ. თუ პროკურატურა აცხადებს, ალბათ ბოლომდეც გაიხსნებიან, ისეთი თემაა ეს. მე ერთი რამე ვიცი, რომ უწმინდესთან დაცვა გაძლიერდა ანუ ახლა იცავს სახელმწიფო, ბრალს ვერ დავდებ ვერავის".

კითხვაზე, "თუ დადასტურდა პროკურატურის ვერსია და თუ აღმოჩნდა, რომ მართლაც აქვთ ვიდეოჩანაწერები", პატრიარქის ქორეპისკოპოსი პასუხობს, რომ - "თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, ვნახავთ მერე, განახებთ... თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

პროკურატურის განცხადებით: "გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა. 

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი", - განაცხადეს პროკურატურაში. 

კომენტარები