გიორგი მამალაძის საქმე

ომბუდსმენი: მამალაძის თქმით, მაღალ სასულიერო იერარქებზე ბრალში საუბარი არ ყოფილა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა. 

"თვითონ უარყოფს ციანიდის ფლობას, არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. ის ასევე ამბობს, რომ არ განუმარტეს დაკავების მიზეზი, ასევე, შეუზღუდეს სატელეფონო ზარი. ბრალდებული ძალიან ბევრ პროცედურულ დარღვევაზე საუბრობს. ის აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს და ითხოვს, არ მიეცეს ამ საკითხს პოლიტიზების შესაძლებლობა. ის ყველას სთხოვს, ავირიდოთ ამ საკითხის პოლიტიზება. ასევე ითხოვს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს დაცული და მეც ასევე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული", - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე "უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ვიხილეთ".

"გარდა ამისა, ის ადასტურებს, რომ უმაღლეს სასულიერო იერარქებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის საუბარი იმ ბრალში, რომელიც მას წარედგინა. ეს, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დეტალია. მისი ინფორმაციით, ბრალში, რომელიც ოფიციალურად წარედგინა, მაღალ იერარქზე, სასულიერო პირზე საუბარი არ არის. ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს - რატომ ხდება ის, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის გამოძიება, მას აქვს ამაზე კითხვის ნიშნები. რეალურად, ის საუბრობს იმაზე, რომ [საქმეს] მომზადების ნიშნები ეტყობა, რომ რაც მოხდა, იყო დიდი ხნის დაგეგმილი და შეიძლება ითქვას, რომ ის არის გარკველწილად მსხვერპლი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ გამოძიების ვერსიის ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯერა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა წერილი, რომელიც, წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს.

კომენტარები