საქართველოს პატრიარქი

პრემიერმა ილია მეორე ბერლინის კლინიკაში მოინახულა

პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქი ილია მეორე ბერლინის კლინიკაში მოინახულა.

„მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის, აუცილებელი ინსტიტუციის ერთიანობა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს,“– განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

პრემიერმა ბერლინში ჩასვლა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ დააანონსა. 13 თებერვალს გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ "ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". მან აღნიშნა, რომ "მთავარია, ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა".

საქართველოს პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარეს. ექიმების თქმით, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ილია მეორე საქართველოში სავარაუდოდ ორშაბათს, 20 თებერვალს დაბრუნდება.

კომენტარები