გიორგი მამალაძის საქმე

პრემიერი: პატრიარქს გავუფრთხილდით და მისი ოპერაციის წინ მომხდარი არ გავახმაურეთ

პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი კვირიკაშვილი

"პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას. არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ გიორგი მამალაძის დაკავების ინფორმაციის გავრცელებისგან", - ამბობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფი გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერის თქმითვე იმ დროს, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საწამლავით მიემგზავრებოდა ბერლინში სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება არ დაეშვა მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარი.

"მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას. არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროდ ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედია საშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და შემდეგ ჩვენ მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. და ამ პირობებშიც ჩვენ თავი შევიკავეთ მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქს საქართველოში ჩამოსვლისა და მასალების გაცნობის შემდეგ საქმეზე მას შესაბამისი პოზიცია ექნება. 

ბუნებრივია, როდესაც ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით და ის მიემგზავრება პატრიარქთან გერმანიაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებიც, რათა არ მომხმადრიყო დიდი უბედურება. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ მათ წარმართონ სრული პროცესი იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია გახდეს ნათელი",- ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს პრემიერი.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

კომენტარები