საქართველოს საპატრიარქო

ილია მეორემ კლინიკა დატოვა და აეროპორტში მიდის

ქეთევან ქარდავა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ კლინიკა "ჰელიოს ბერლინ-ბუხი" დატოვა და აეროპორტში მიდის. პატრიარქის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:30-ზე დაეშვება.

თბილისის მერიის განცხადებით, მათ, ვისაც სურს, საქართველოს პატრიარქს აეროპორტში დახვდეს, ავტობუსებით უფასოდ მოემსახურებიან. 

"მრევლს „Man“-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ", - წერია განცხადებაში.

ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ-ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ილია მეორემ 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, არსებული "არანორმალური" სიტუაცია დამშვიდდება.

"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს პატრიარქი.

კომენტარები