შაჰინის სკოლა

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება, სავარაუდოდ, არაკონსტიტუციურია

0 კომენტარი
შაჰინის სახელობის სკოლა ფოტო: infobatumi.ge

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ ბათუმში, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, „ზოგადი განათლების შესახებ კანონთან“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონთან და სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებთან.

TDI შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტის შესწავლას განაგრძობს და სკოლის სასარგებლოდ სამართალწარმოებაში ჩართვას გეგმავს. ორგანიზაციამ დღეს სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც სკოლის დირექტორის და იურისტის ახსნა-განმარტებებს, ასევე საქმეში არსებული დოკუმენტების ანალიზსა და განათლების ექსპერტებთან გასაუბრებებს ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლამ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვა ამავე აქტის შეჩერება, რათა მოსწავლეებმა სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლონ. დღეს სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აქტი არ შეაჩერა.

ფაქტობრივი გარემოებები

სამართლებრივ შეფასებამდე, TDI სკოლასთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებს მიმოიხილავს:

ბათუმში რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი 1994 წელს გაიხსნა, რომელიც დემირელის სახელობის სკოლის ფილიალი იყო.

2010 წლის 7 ივნისს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტმა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის სახელზე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია გასცა.

2015 წლის 4 სექტემბერს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ, თუმცა სკოლას იმავე აქტით მოეთხოვა არსებული თურქული სექტორის გაუქმება. ამ დროისთვის სკოლას ჰქონდა როგორც ქართულენოვანი სექტორი, ასევე თურქულენოვანი სექტორი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, სადაც სწავლების ენა ძირითადად თურქული და ინგლისური იყო, თუმცა ისწავლებოდა ასევე ქართული ენაც.

TDI-ის ინფორმაციით, მოთხოვნის საფუძვლად ცენტრი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილს უთითებს, რომლის მიხედვით, სკოლაში უცხო ენაზე სწავლება შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 3 თებერვლის საბჭოს სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სკოლაში განათლების სამინისტროს თანხმობის გარეშე თურქული სექტორი ფუნქციონირებდა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობით, საბჭოს მოთხოვნასთან სკოლის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, თურქული სექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად უნდა შესრულებულიყო შემდეგი პროცედურები: 2015 წლის ოქტომბერს მოსწავლეთა მართვის საინფორამაციო სისტემაში ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო თურქულ სექტორზე რეგისტრირებული მოსწავლეების გადაყვანა ქართულ სექტორზე შექმნილ პარალელურ კლასებში და ყოფილი თურქულ სექტორის მოსწავლეებისათვის უნდა გაძლიერებულიყო ქართული ენის სწავლება, რათა მათ არ გასჭირვებოდათ ქართულენოვან სექტორში სწავლა.

TDI-ის სამართლებრივი შეფასების მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 21 ნოემბრის გეგმიური მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში წარმოდგენილია ქართული და თურქული სექტორი.

თუმცა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სკოლის ინფომენეკერის განმარტებით, იგი პირადად რამდენჯერმე დაუკავშირდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა სკოლის ბაზიდან ამოეღოთ თურქული სექტორის აღმნიშვნელი გრაფა, ვინაიდან ამ პერიოდისათვის თურქული სექტორი უკვე არ არსებობდა და მოსწავლეები ქართულ სექტორში ირიცხებოდნენ.

„მიუხედავად ამისა, ეს ხარვეზი არსებითი ხასიათის არ იყო, რადგან მონიტორინგის დასკვნაში, რომელიც ყოვლისმომცველი და მასშტაბური იყო, ვკითხულობთ, რომ სკოლა აკმაყოფილებს „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 01 ოქტომბრის #99/ნ ბრძანებას“. სკოლას აღნიშნული შემოწმების შედეგად არ მისცემია რაიმე სახის მითითება, მით უმეტეს, არ დამდგარა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი”, - აცხადებენ TDI-ში.

2017 წლის 18 იანვრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სკოლაში თავიდან დაევალათ მონიტორინგის განხორციელება. TDI-ის ინფორმაციით, 2017 წლის 24 იანვრის დასკვნიდან ირკვევა, რომ მონიტორინგი მიზნად ისახავდა თურქული სექტორიდან ქართულენოვან კლასებში გადაყვანილ პირთა ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2016-2017 სასწავლო წელს ჩარიცხული 5 მოსწავლის განათლების აღიარება არ მომხდარა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურებით. კერძოდ, ცენტრის მიერ უცხო ქვეყააში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, როგორც მონიტორინგის ჯგუფის დასკვნიდან ირკვევა, მოსწავლეების მშობლებს ინდივიდუალურად უნდა მიემართათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ.

ასევე, დასკვნაში დარღვევად არის მიჩნეული, რომ 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, სკოლაში ირიცხებოდა სხვა 5 მოსწავლე, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ, თუმცა მათი მოსწავლის სტატუსი სკოლის მიერ შეჩერებული არ იყო.

სამართლებრივი შეფასება

„განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის“ 2015 წლის 4 სექტემბრის მოთხოვნის კანონიერება თურქული სექტორის გაუქმებასთან მიმართებით

TDI-ის ინფორმაციით, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში, 2015 წლის 5 ოქტომბრამდე, სულ 82 მოსწავლე სწავლობდა. ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას, სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.

„სკოლა ასევე არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ სექტორზე მოსწავლეები ნებაყოფლობით არაფორმალურ განათლებას იღებდნენ“, - აღნიშნულია TDI-ის შეფასებაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის მიხედვით ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

„ვინაიდან სკოლის მიერ თურქული სექტორის ფარგლებში სწავლება წარმოადგენდა არაფორმალურ განათლებას, არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სექტორი არ საჭიროებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან თანხვედრას, მითუმეტეს არც ავტორიზაციას. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ავტორიზაციას არ ექვემდებარება ისეთი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა”, - აცხადებენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში.

მათივე განმარტებით,„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, ცენტრის უფლებამოსილება ამოიწურება ფორმალურ განათლებასთან მიმართებით და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაფორმალური განათლების მიწოდება/მიღების პროცესში.

„აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2015 წლის მითითება/გადაწყვეტილება თურქული სექტორის გაუქმების თაობაზე მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, მოსწავლეების განათლების, პიროვნული განვითარებისა და შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლის მსგავსად, საქართველოში ფუნქციონირებს გერმანულენოვანი და რამდენიმე ინგლისურენოვანი სკოლა, რომლებსაც პრობლემა არ შექმნიათ ქართული სექტორის პარალელურად, ესწავლებინათ გერმანულ და ინგლისურ სექტორზე, ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე”, - აღნიშნულია TDI-ის შეფასებაში.

 

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და პროპორციულობა

TID-ის ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „ემორჩილებოდა საბჭოს გადაწყვეტილებებს და ახორციელებდა იმ მოქმედებებს, რომელზე მითითებაც ხდებოდა საბჭოს სხდომებზე”. ამიტომ, მათ სადავოდ არ გაუხდიათ თურქული სექტორის გაუქმების შესახებ ცენტრის გადაწყვეტილება.

სკოლის დირექტორი და იურისტი, TDI-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებენ, რომ სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორში გადაყვანის პროცედურა შეთანხმებული იყო ცენტრთან და ხელმძღვანელობდნენ მათი მითითებებით.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში ყოფილი თურქული სექტორის მოსწავლეების დაახლოებით 90%-მა სკოლა დატოვა და 2016 წლის სექტემბერში თურქეთის საკონსულოს მიერ გახსნილ „ბათუმის თურქულ სკოლაში“ დაიწყო სწავლა.

„აღნიშნულ სკოლას არ აქვს მიღებული ავტორიზაცია და შესაბამისად, არ გასცემს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ მოსწავლეების და მათი მშობლების ინტერესში ფორმალური განათლების მიღება არ შედიოდა”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა სკოლას დაუდგინა ორი ძირითადი დარღვევა:

  • თურქული სექტორიდან ქართულ სექტორში 5 მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურაში არსებობდა ხარვეზები;
  • სკოლამ მოსწავლის სტატუსი არ შეუწყვიტა დამატებით, სხვა 5 მოსწავლეს, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

TDI-ის განმარტებით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მე-4 მუხლის 1 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად: „სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხევევაში თუ: მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას“.

„სკოლას არ ჰქონდა შეჩერებული მოსწავლეებისათვის სტატუსი, ვინაიდან 90 დღიანი ვადა იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს. როგორც სკოლის იურისტი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, ეს საკითხი საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის სხდომაზეც წამოიჭრა, მაგრამ საბჭოს წევრების მხრიდან ამ არგუმენტს არ მოყოლია სათანადო რეაგირება და ანალიზი”, - აცხადებს TDI.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სკოლის ახსნა-განმარტების მიხედვით, იმ 5 მოსწავლის მიმართ, რომელთა ქართულ სექტორში გადაყვანასაც ცენტრი დარღვეულად მიიჩნევს, უკვე გამოცემული იყო განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება. თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრი 2017 წლის მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სკოლას უნდა ეხელმძღვანელა “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის 06 იანვრის #05/ნ ბრძანებით და მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მხრიდან მოსწავლეების ჩარიცხვის პროცედურების დარღვევა საეჭვოა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა სასამართლოს მიერ პროცედურის დარღვევით მოსწავლის გადაყვანა თურქულიდან ქართულ სექტორში, დარღვევა არ არის არსებითი ხასიათის და მოსწავლეებსა და სკოლას არ აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

მიუხედავად იმისა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმებას, მაშინ, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს მოსწავლის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონმდებლობას, დეტალურად არ არის გაწერილი დარღვევის რა სიმძიმის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სკოლამ ეს უფლებამოსილება; კანონის ეს ზოგადი ჩანაწერი საბჭოს აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევის პროპორციულობის, სიმძიმის, საჯარო და კერძო (მოსწავლე/მასწავლებელთა) ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს მიზანშეწონილი გადაწყვეტილება”, - აცხადებენ TDI-ში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია საუბრობს საბჭოს სხვა გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც საჯაროა და მიუთითებს, რომ სკოლების მიერ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების თუნდაც უხეში დარღვევების შემთხევაში, ცენტრი პრიორიტეტულად ავტორიზაციის შენარჩუნებას მიიჩნევს და სკოლას შენიშვნებს და ამ შენიშვნებისთვის გამოსასწორებელ დროს აძლევს.

„შაჰინის სახელობის სკოლის შემთხვევაში, ეს პრაქტიკა უგულებელყვეს და ცენტრმა მიიღო ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ სავარაუდო დარღვევა შეეხებოდა მხოლოდ 5 მოსწავლეს, რომელთათვის განათლების აღიარება სკოლას მარტივად შეეძლო „ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის (#207) ბრძანების საფუძველზე. ასეთ დროს, მოსწავლე სკოლაშივე გადის შუალედურ და სახელმწიფო ატესტაციას, წარმატებით ჩაბარებისას, სახელმწიფო აღიარებს ამ მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო საფეხურის დაძლევის ფაქტს და ექსტერნი, რომელმაც ჩააბარა გამოცდები, გადადის მომდევნო კლასში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ სკოლაში 5 მოსწავლის გარდა, ასევე სწავლობდა 340 მოსწავლე, რომლებიც კანონის სრული დაცვით იყვნენ ჩარიცხულნი და იღებდნენ ხარისხიან განათლებას სკოლაში, რომელიც, როგორც 2016 წლის 21 ნოემბრის დასკვნაში წერია, აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს. ასევე ის ფაქტი, რომ შუა სასწავლო წელს ავტორიზაციის გაუქმებით საფრთხე შეექმნა სასწავლო პროცესის უწყვეტობას, მოსწავლეების მხრიდან ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის სრულად დაფარვას. აღსანიშნავია, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად არის მიჩნეული ბათუმში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მიუხედავად სოლიდური წლიური გადასახადისა, მოთხოვნა სკოლაზე მაღალია; სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები უარს აცხადებენ სხვა სკოლაში გადასვლაზე, განაგრძობენ პროტესტს და მოითხოვენ ავტორიზაციის აღდგენას”, - აცხადებენ TDI-ში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დებულების მიხედვით, ცენტრი განათლების ხარისხის ხელშეწყობისათვის შეიქმნა და არა როგორც სადამსჯელო ორგანო, „რომელიც არაპორორციულად და უკანონოდ იყენებს მინიჭებულ უფლებამოსილებას“.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც რ. შაჰინის სახელობის სკოლის მიერ არ იყო დარღვეული ზოგადსაგანმანთელბლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტები და ავტორიზაციის გაუქმება არ ემსახურებოდა არც განათლების სისტემის, არც სკოლის და არც მოსწავლეების ინტერესს, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მხრიდან სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მოპყრობა”, - ამბობს TDI.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები