რუსეთი-საქართველო

აბაშიძე ლავროვის განცხადებაზე: რა გაფუჭდა, რომ იმ სეკუნდში არ გამოვეხმაურეთ?

0 კომენტარი
ზურაბ აბაშიძე ფოტო: ტაბულა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 18 თებერვლის განცხადებას არ ეთანხმება. ლავროვის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება უცნაურია, რადგან ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი "ბოევიკების", ექსტრემისტების, ტერორისტებისა და ნარკომოვაჭრეების მარშრუტი ხდება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, "შარშან დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს რიცხვი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია, ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

ამიტომ ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება "ბოევიკების", ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებით არანაირად არ არის მართებული. ამას ვერანაირად ვერ მივიღებთ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში წასულია დაახლოებით რუსეთის 2000 მოქალაქე. ამიტომ, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს მიიღებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მათ თავს ვერ მოვახვევთ ვერანაირ გადაწყვეტილებას", - თქვა აბაშიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ლავროვის განცხადებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ რეაქცია დააგვიანა, აბაშიძე ამბობს, რომ ამით არაფერი გაფუჭებულა.

"დღეს ვაკეთებთ კომენტარს, დაგვიანდა, გაფუჭდა რაიმე ამით? რა გაფუჭდა, რომ იმ წუთში და იმ სეკუნდში არ გაკეთდა განცხადება, რაიმეს ხედავთ ამაში პრობლემურს?... არ ვარ იმის მომხრე, რომ იმ წუთში დაეტაკო, განცხადება გააკეთო გაუაზრებლად და მოუფიქრებლად", - თქვა აბაშიძემ.

აბაშიძე სერგეი ლავროვის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთი ამ საკითხზე ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.

"რაც შეეხება 2008 წლის თემას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს პოზიციებში რადიკალური სხვაობაა, კერძოდ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით არ დააკლო არაფერი, იმისათვის, რათა მომხდარიყო ის კატასტროფა უახლეს ისტორიაში", - თქვა აბაშიძემ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები