ტარიფები

გაზის ტარიფი შეიძლება გაიზარდოს - 2005 წლის შემდეგ პირველად, სემეკი ტარიფს დაადგენს

Reuters

ენერგეტიკისა და წყალომარაგების ეროვნული კომისია (სემეკი) ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფების ყოველწლიურ დადგენაზე გადასვლას გეგმავს. კომისიის წევრის გოჩა შონიას თქმით, ბოლოს სამომხმარებლო ტარიფები 2005 წელს დადგინდა. სემეკში სატარიფო განაცხადი ამ დროისთვის ორ გამანაწილებელს - სოკარსა და საქორგგაზს აქვს შეტანილი. იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ, ეკონომიკაში მრავალი რამ შეიცვალა, ტარიფის გაზრდა გამორიცხული არაა. სოკარი თბილისის გარდა თითქმის მთელ ქვეყანას ამარაგებს ბუნებრივი აირით. განახლებულ ტარიფს სემეკი ზაფხულში დაადგენს.

"წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2005 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ", - ამბობს გოჩა შონია.

ბუნებრივი აირის ტარიფში ცვლილებები 2013 წელსაც შევიდა, თუმცა ის ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებას ტარიფების შემცირება წარმოადგენდა, რისი შესრულების მიზნითაც 2013 წელს საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ გასაყიდი ბუნებრივი აირის ტარიფი შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზე 5 თეთრით აისახა. 

ელექტროენერგიის გამანაწილებლებისთვის სემეკი ტარიფს ყოველწლიურად ადგენს.

კომენტარები