გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე სულ ცოტა ხნის წინ ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძე კლინიკაში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩასატარებლად გადაიყვანეს, რის შემდეგაც, მას კვლავ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნებენ. 

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

18 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და ისინი საქმის შინაარსზე ვერ საუბრობენ. ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს, მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები