გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: თუ დეკანოზ მამალაძეს დაკითხავენ, ის დუმილის უფლებას აღარ გამოიყენებს

იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ, ის დუმილის უფლებას აღარ გამოიყენებს და "ყველაფერს იტყვის".

ამის შესახებ ტაბულას ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, 15:00 საათზე, ე.წ. მატროსოვის ციხეში სამართალდამცველები ექსპერტიზის ნიმუშების ასაღებად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულს შეხვდებიან. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ გიორგი მამალაძე დაიკითხოს.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული მზადაა ჩვენების მისაცემად.

გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა მისგან გაუთქმელობის ხელწერილის დაწერას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკითხვაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.

ადვოკატი აღნიშნული ხელწერილის დაწერას კვლავ არ აპირებს. მისივე თქმით, დეკანოზი მამალაძე მისი დასწრების გარეშე ჩვენების არ მისცემს.

გიორგი ფანცულაის თქმით, მიხეილ რამიშვილის დასწრება ექსპერტიზასა და დაკითხვაზე სამართლებრივად პრობლემას არ წარმოადგენს.

დაესწრება თუ არა პროცესს ადვოკატი რამიშვილი, უცნობია. ტაბულას პროკურატურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ გაარკვევენ, აქვთ თუ არა სამართალდამცავებს მსგავსი მოთხოვნა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. თავდაპირველად, ადვოკატი ამბობდა, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევდა. თუმცა, პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, დაკავებული დეკანოზის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მოინახულებს მამა გიორგის. ამასთან, პატრიარქის მდივანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თხოვნა იყო - "რაც შეიძლება, თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა". 

გუშინ მამა გიორგის ადვოკატები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ და სასულიერო პირებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნეს. ამის შემდეგ, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ადვოკატებს სთხოვეს, გადასცენ დაკავებულ დეკანოზს, რომ ჩვენება მისცეს.

კომენტარები