ფარული მოსმენები

რა არის და რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონი

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, მმართველი გუნდი კი საწინააღდეგოს ამტკიცებს.

დაადებს თუ არა კანონს ვეტოს გიორგი მარგველაშვილი, უცნობია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციით დადგენილ ათდღიან ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

ტაბულა დაინტერესედა, რა ცვლილებები შევიდა კანონში, როგორ მოუსმენენ მოქალაქეებს მისი ამოქმედების შემდეგ და რამდენად დიდია უკანონო მოსმენების საფრთხე.

კანონი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მიმდინარე წლის 31 მარტამდე მოქმედი კანონის მიხედვით, ფარული მიყურადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (იგივე სუს-ი) მატერიალურ-ტექნიკური დეპარტმანეტის საშუალებით ხდება. კონკრეტული პირის მოსმენით დაინტერესებული ესა თუ ის უწყება სწორედ მას მიმართავს მოსამართლის ბრძანებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ დოკუმენტაციით. ამის საფუძველზე, დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას მიაყურადოს თუ არა ამა თუ იმ პირს.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეს ფუნქციები ექნება არა დეპარტამენტს, არამედ, საჯარო სამართლის იურიდულ პირს (სსიპ), ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომელიც სუს-ის მმართველობის სფეროში შეიქმნება.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ სააგენტოს ექნება „დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიები“. ასევე, არ იქნება პროფესიულად დაინტერესებული, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია, რადგან არ ექნება საგამოძიებო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ფუნქციები.

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სააგენტოს, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით შეუძლია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი, ფარული აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგადაღება, ინდივიდუალური და სტრატეგიული მონიტორინგი.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილ ღონისძიებებს სააგენტო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციისა და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით განახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება, კანონპროექტის ავტორთა მტკიცებით, ის დამოუკიდებელია.

თუმცა, ახალი სსიპ-ის უფროსის კანდიდატურა სპეციალურ კომისიას სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უნდა წარუდგინოს. კომისია, რომელსაც 7 წევრი ეყოლება, სააგენტოს უფროსს სამი კანდიდატიდან შეარჩევს. კომისიის წევრები იქნებიან სუს-ის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

ფარული მიყურადება ორგვარია, კონტრდაზვერვითი და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ახალი კანონის მიხედვით, კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის ფარული მიყურადების, ე.წ. ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას გათვალისწინებულია კონტროლის ელექტრონული სისტემა. შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას.

რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გააკონტროლებს.

სააგენტოს საქმიანობაზე, ასევე, გათვალისწინებულია საპარლამენტო, პრემიერმინისტრის, სასამართლო და საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი.

კანონის მიხედვით, სააგენტოს აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა მობილური ოპერატორების (იგივე ავტორიზებული პირების) ინფრასტუქტურასთან. გარდა ამისა, ახალი სსიპ-ი მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს მათ და აკონტროლებს შესრულებას. შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავტორიზებული პირები დაჯარიმდებიან.

სააგენტოს წარმომადგენელი ‐ აუდიტორი უფლებამოსილია შეამოწმოს შემოწმების საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ავტორიზებული პირის აპარატურული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, მოსთხოვოს ავტორიზებული პირის წარმომადგენლებს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა‐განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

არასამთავრობო სექტორის აზრი

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი არსებული სიტუაციის არა გაუმჯობესება, არამედ გაუარესებაა და მის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გავასაჩივრებას გეგმავს.

როგორც მოქმედი, ისე ახალი კანონით, მოქალაქეს უსმენენ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ან კავშირი აქვს დანაშაულთან. ამ შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოსგან ითხოვს მიყურადების შესახებ მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი ღონიძიებების დროს, პროკურორი გამოსცემს დადგენილებას, რომელიც 24 საათში მოსამართლემ უნდა დააკანონოს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სუს-ის მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტი ტექნიკურად უზუნველყოფს მიყურადებას, თუმცა, ამისთვის საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ნებართვაც. რაც შეეხება ახალ კანონს, მოსამართლის ბრძანებისა თუ პროკურორის დადგენილების საფუძველზე მიყურადებას იწყებს სუს-ს დაქვემდებარებული სსიპ-ი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. ამ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა საჭირო არ არის, თუმცა, თუ ინსპექტორმა შეიტყო უკანონო მოსმენის შესახებ, მას აქვს გამორთვის უფლებამოსილება.

არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი ძირითადად სწორედ აღნიშნულ ჩანაწერს ეხება. მათ მიაჩნიათ, რომ კანონი არ იძლევა საკმარის გარანტიებს და დიდია უკანონო მოსმენების რისკი.

„ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ რისკს განსაკუთრებით ზრდის სუს-ის ტექნიკური შესაძლებლობი და მის საქმიანობაზე ცუდი კონტროლი.

„ის აპარატურა, რომელიც ამჟამად აქვს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, პირდაპირ არის მიერთებული მობილურ ოპერატორებს და კავშირგაბმულობის სუბიექტებს. შედეგად, მათ აქვთ საშუალება, რომ ნებისმიერ დროს ე.წ. მარცხენა, ანუ „ლევი“ პროგრამა გააკეთონ და მოუსმინონ ნებისმიერ აბონენტს ისე, რომ ვერავინ დედამიწის ზურგზე ამის შესახებ ვერ გაიგოს. დღეს არსებული ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოს აქვს, არანაირი ბერკეტებით არ არის დაზღვეული და შესაბამისად, ვერაფრით ვერ კონტროლდება. ანუ, ცუდი პოლიციელი რომ გაჩნდეს, რომელსაც მოუნდება ჩვენი ფარული მიყურადება, ამას რისკები ვერ აზღვევენ. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დღეს აქვს მეორე გასაღები, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ნებართვის გარეშე ფარული მიყურადება ვერ განხორციელდება, ეს უქმდება. 2014 წელს ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონში ეს ჩანაწერი და დღეს თვითონვე ამბობს უარს ამაზე“, - აცხადებს ბურჯანაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია მიიჩნევს, რომ კანონში შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ პასუხობს.

„როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, ფარულ მიყურადებასთან არ უნდა ჰქონდეს წვდომა იმას, ვინც არის დაინტერესებული გამოძიების შედეგით. ახალი კანონით, გასაღები ისევ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. რეალურად, დაცვა იმისგან, რომ უკანონოდ არ მოგვისმინონ, არ არსებობს, რადგან გასაღები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კონტროლი არის ფორმალური. არანაირი ბერკეტი იმის, რომ არ მოხდება უკანონო მოსმენები, არ არსებობს. მთელი ტექნიკური აღჭურვილობა არის ამ სააგენტოს ხელში. შესაბამისად, როდის და როგორ გამოიყენებს ამ აღჭურვილობას, ეს არ ვიცით. რისკი იმაში კი არ არის, მოსამართლის გადაწყვეტილებით როგორ მოუსმენენ, რისკი იქ არის, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე მოსმენის შესაძლებლობა არსებობს“, - ამბობს საჯაია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს კანონის საკუთარი ვერსიაც შესთავაზეს, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებდა და მასზე ეფექტური კონტროლი განხორციელდებოდა.

„ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს მოდელი, რომელიც გულისმხობდა დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, იქნებოდა სერვის პროვაიდერი. მოსმენის საჭიროების შემთხვევაში, მიმართავდნენ ამ უწყებას და ის ტექნიკურ აღსრულებას უზრუნველყოფდა. სასამართლო თანხმობა ან გადაუდებლობის დადგენილება ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნებოდა“, - ამბობს ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე.

რაც შეეხება მოსასმენი აპარატურის ტექნიკურ შესაძლებლობებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საიდუმლო ინფორმაციაა რამდენი აბონენტის მოსმენაა შესაძლებელი ერთდროულად. თუმცა, TI-ის საპარლამენტო მდივნის თქმით, 2013 წელს, მობილური ოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ერთ წამში შესაძლებელია 20 ათასი აბონენტის მოსმენა.

„როცა მობილურ ოპერატორებს ეს ტექნიკური აღჭურვილობა შეაძენინეს წინა ხელისუფლების დროს, ალბათ არც მაშინ იყო გათვლილი კანონიერ მოსმენებზე. შეუძლებელია ერთ წამში საქართველოში 20 ათასი ადამიანი ჩადიოდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს“, - ამბობს ლიკა საჯაია ტაბულასთან.

მობილური ოპერატორების პოზიცია

მობილური ოპერატორები ახალ კანონზე საუბრისას ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

„კომენტარს თქვენთვის საინტერესო თემებზე კომპანია მოგვიანებით გააკეთებს. ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“, - უთხრეს ტაბულას „ჯეოსელში“.

რაც შეეხება „მაგთიკომს“, კომპანიმ კითხვების გადაგზავნა ითხოვა, თუმცა პასუხი მეორე დღეა არ გაუცია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ტაბულა შეკითხვებზე პასუხს ხვალ, 2 მარტს მიიღებს.

„ბილაინის“ პრესსამსახურთან დაკავშირებას ტაბულა მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობს. კომპანიის წარმომადგენელმა მხოლოდ ერთ სატელეფონო ზარს უპასუხა, სადაც გვითხრა, რომ „მოგვიანებით დავურეკოთ“.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში, კომპანიები აზრს მეტ-ნაკლებად გამოთქვამდნენ. მაგალითად, 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში „ჯეოსელი“ მიიჩნევდა, რომ განხილვა ავტორიზებული პირების სათანადო ჩართულობის და მათი პოზიციების გაზიარების გარეშე მიმდინარეობს, რაც მათთვის ყოვლად მიუღებელია. კომპანია ასევე აღნიშნავდა, რომ ახალი კანონით მძიმე ვალდებულებები ეკისრებათ, რაც შეუზღუდავი და ბუნდოვანი ხარჯების გაწევას გულისხმობს.

რაც შეეხება „მაგთიკომს“, კომპანიამ განცხადება 9 თებერვალს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ავტორიზებული პირებისთვის კანონპროექტით დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად აღსრულება შეუძლებელია. გარდა ამისა, „მაგთიკომის“ მფლობელმა, გია ჯოხთაბერიძემ 23 თებერვალს, იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა - „მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გინდა დაიმორჩილო. მე კი მინდა, თავისუფალი ვიყო ბიზნესის კუთხით“.

„ბილაინმა“ საკუთარი პოზიცია 11 თებერვალს, „ნეტგაზეთს“ უთხრა. კომპანიის აზრით, ახალი რეგულაციების შემოღება ავტორიზებული პირებისთვის გაუთვალისწინებელი მოცულობით ხარჯების გაზრდას გამოიწვევს, რაც ბიზნეს სექტორის და მოსახლეობის ბიუჯეტზე აისახება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ტაბულას უთხრეს, რომ საფრთხეები ნებისმიერი კანონმდებლობის პირობებში არსებობს და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კონტროლის ეფექტური მექანიზმები. უწყებაში აცხადებენ, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდებიან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მუშაობას. მათივე თქმით, ახალ რეგულაციების ეფექტურად დანერგვისთვის მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ორეტაპიანი სისტემით თანხმობის გაცემა მოსმენის დაწყებაზე აღარ იქნება ინსპექტორის კომპეტენცია, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებაზე გავრცელდება ინსპექტორის კონტროლი, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ დეტალურად გაწერილიყო ინსპექტორის უფლებამოსილებები. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რეალურ დროში დავინახოთ თუ ვის მიმართ ხორციელდება სატელეფონო მოსმენა, მივიღოთ და შევადაროთ მოსამართლის განჩინებაში თუ პროკურორის დადგენილებაში მითითებული მონაცემები, ვადები და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვახდინოთ რეაგირება. ე.წ. მეორე გასაღების პრინციპი პრაქტიკაში ეფექტიანად მუშაობდა, პრაქტიკა აჩვენებს იმასაც თუ როგორ იმუშავებს ახალი რეგულაციები“, - უთხრეს ტაბულას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

პოლიტიკური პარტიების აზრი

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი პარლამენტმა ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში შემავალი ოთხი პარტიიდან ორი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო, სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდებდა უმრავლესობას, არ მიეღო კანონი.

„ქართული ოცნება“

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემებზე ექსპერიმენტებს ვერ ჩაატარებს და ამ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს ვერ დაასუსტებს.

მისივე თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულება და აღმასრულებელი ფუნქციაა, ამიტომ, „ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში“.

„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ასევე, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში რისკები არის გაზრდილი, როდესაც საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს როგორც საიმედო პარტნიორს უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ბუნებრივია, ჩვენ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ საკუთარი უსაფრთხოების სისტემებზე და ვერ დავასუსტებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ამ სფეროში. უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო წლებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ფუნქციებს ასრულებს ეფექტურად. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და რთულ საქმეებში, რეაგირება იყო ეფექტური და ადეკვატური. ბუნებრივია, ჩვენ გვესმის ის პოზიციები, რაც ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ეს არის მათი ფუნქცია და როლი, რომ მოითხოვონ მეტი, ჩვენი პაუხისმგებლობა არის, რომ მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“, - აცხადებს თალაკვაძე.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო"

საპარლამენტო უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ახალ კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ირაკლი აბესაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს საფუძველი გამოიყენოს ვეტო და დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს კანონპროექტი. ასეთ შემთხვევაში, პარტია განხილვებში ჩართვას გეგმავს. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო არ გამორიცხავს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივროს.

„სუს-ის ხელში მოსმენების არსებობა ნიშნავს უკონტროლო, უკანონო მიყურადებას. არამხოლოდ მოსმენას, არამედ, ადამიანების პირადი ცხოვრების ფარულ აუდიო-ვიდეო ჩაწერას და შემდგომ ამის გამოყენებას მათ დასაშანტაჟებლად, მათი ქცევის შესაცვლელად. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და ეს არის მთავარი საფრთხე, რის გამოც სუსი-ს ხელში მოსმენების არსებობა არ შეიძლება“, - ამბობს აბესაძე.

უმცირესობას ალტერნატიული საკანონმდებლო პროექტიც ჰქონდა შემუშავებული, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური საგენტოს პრემიერმინისტრისადმი დაქვემდებარებას ითვალისწინებდა, ასევე, ძლიერ საპარლამენტო კონტროლს. მმართველმა გუნდმა ეს ინიციატივა არ გაიზიარა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ენმ ერთადერთი იყო ოპოზიციური პარტიებიდან, რომელიც ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის მიღებას ესწრებოდა. ფრაქციის წარმომადგენლის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ამის მიზანი იყო უმრავლესობისთვის კიდევ ერთხელ მოწოდება, რომ არ მიეღოთ „ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ავნებს მოქალაქეებს და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.“

ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ის ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყენა საქართველოს პარლამენტს. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მოსმენებზე. ნაცვლად ამისა, მოსმენის ვალდებულება რჩება ისევ სუს-ის ქვეშ და არ იმიჯნება საგამოძიებო-საპოლიციო ფუნქციის მქონე უწყებიდან. ეს არის ამ კანონის მთავარი პრობლემა“, - აცხადებს ბოკუჩავა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

„პატრიოტთა ალიანსი“ მიიჩნევს, რომ ახალი კანონი არაერთ რისკს შეიცავს და ამიტომ, მას მხარი არ დააუჭირა. გარდა ამისა, პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების სამსახური.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ქვეყანაში მძლავრი სტრუქტურა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სააგენტო, კიბერუსაფრთხოების სამსახური ასე ვთქვათ. სულ სხვა მოდელზე ვსაუბრობთ ჩვენ. მთავარი საფრთხე არის ის, რომ სააგენტო არ არის დამოუკიდებელი. ასეთი ტიპის სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა. თუმცა, არის სხვა რისკფაქტორები, რომლებზეც ასევე ვერ მივიღე პასუხი. მაგალითად, თავი რომ დავანებოთ ამ სააგენტოს, არაერთ მოქალაქეს შეუძლია იყიდოს აპარატურა, სულ რაღაცა 200 ათასი დოლარი ღირს ეს, და განახორციელოს უკანონო ფარული მოსმენა საზოგადოების სხვადასხვა წევრზე. ვინ, რომელი სტრუქტურა არის პასუხისმგებელი რომ ასეთი ტიპის უკანონო მოსმენების აღკვეთოს ქვეყანაში? იმ მოდელში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, კიბერუსაფრთხოების სააგენტოში, ეს ნიუანსები და ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გათვალისწინებულია“, - ამბობს ინაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: "რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს“.

კომენტარები