რუსთავი 2-ის საქმე

13 ოპოზიციური პარტია რ2-ზე: საერთაშორისო ჩარევა გადამწყვეტია

რუსთავი 2

13 ოპოზიციური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს, გააქტიურდნენ იმ საგანგაშო მოვლენების წინააღმდეგ, რაც საქართველოში ბოლო დროს განვითარდა. პარტიებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ჩარევა იქნება გადამწყვეტი საქართველოში მედიათავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესანარჩუნებლად.

"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები, მოვუწოდებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და დემოკრატიულ სამყაროს, იმოქმედონ და გააქტიურდნენ საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმზე მიტანილი შეტევის წინააღმდეგ. 

რუსთავი 2, ერთადერთი ძირითადი, მთავრობის მიმართ კრიტიკული პროდასავლური მედია საქართველოში ქვეყნის დეფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისების ზღვარზეა. რუსთავი 2 იყო უკანასკნელი დიდი მედია, რომელიც არ კონტროლდებოდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანიშვილისა და პარტია ქართული ოცნების მიერ. 2 მარტს, სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დახურულ კარს მიღმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის მფლობელობა მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ივანიშვილთან დაახლოებულ პირს და ქართული ოცნების დეპუტატის ძმას.

რუსთავი 2-ზე კონტროლის დამყარებით ივანიშვილი მოიპოვებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სრულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაგმო ყველაზე სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების უმრავლესობამ, მიიღეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომდევნო დღესვე. ეს გადაწყვეტილება ასევე არის უმძიმესი დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

სამივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები და მართლმსაჯულება წარმართა მთავრობის აგრესიული ჩარევის პირობებში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივად დაესაბუთებინა გადაწყვეტილება. 

ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, რადგან არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ მოიპოვეს აბსოლუტური კონტროლი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებზე და ახლა ანგრევენ დარჩენილ სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორებიცაა, პრეზიდენტი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლო.

ყველაფერმა ზემოთქმულმა შესაძლოა, შეუქცევადად დააზიანოს საქართველოს დემოკრატიული გზა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს და ეუთო-ს, ხმა აღიმაღლონ მოვლენათა ასეთი საგანგაშო განვითარების წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო ჩარევა იქნება გადამწყვეტი საქართველოში მედია თავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესანარჩუნებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს წერენ: თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოძრაობა, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის", ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს ევროპელი დემოკრატები, ახალი ერთობა საქართველოსთვის, სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, პარტია რეფორმატორები და ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი.

აღსანიშნავია, რომ დღეს 28 არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ევროსასამართლოს მისწერა.

კომენტარები