პოლიტიკური პარტიები

TI: კვაჭანტირაძემ "ოცნების" სასარგებლოდ, წლიური წმინდა შემოსავლების 349% გაიღო

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხებს ეხება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების დაფინანსება სხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას მნიშვნელოვნად აღემატება და პარტიების შემოსავლებს შორის ამხელა სხვაობა 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 21 310 211 ლარი (66%) მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 811 045 ლარით, მესამეზე კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსია - 1 674 908 ლარით.

ანგარიშის თანახმად, ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოსავალი შვიდჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემოსავლებს და თითქმის ორჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოსავლებს. 

სუბიექტების მიერ მიღებულ შემოსავლების ყველაზე მსხვილი სამი კატეგორიაა სახელმწიფო დაფინანსება, კერძო შემოწირულობები და საბანკო სესხები. ანგარიშის თანახმად, გარდა ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსისა, ყველა სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსება შეადგენდა.

"კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 21 726 165 ლარის კერძო შემოწირულება მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 19 183 489 ლარი (86%) მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 998 001 ლარით, მესამეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” 972 764 ლარით. ამ ოდენობის შემოწირულებები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქსირდა" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და აღნიშნავს, რომ საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების” მიერ მიღებული კერძო შემოწირულება 19-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ „პატრიოტთა ალიანსის“ შემოწირულებას და 6-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულებებზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, "მმართველი პარტიისა და დანარჩენების შემოწირულებებს შორის ამხელა სხვაობა საქართველოს საარჩევნო ისტორიისთვის უპრეცედენტოა". ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პერიოდში სულ 122-მა სახელმწიფო თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა ფულადი შემოწირულება. ორგანიზაციის განცხადებით, 122 თანამდებობის პირიდან 8 პირის შემთხვევა აჩენს გარკვეულ კითხვებს, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი საკუთარი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ რვა პირიდან ოთხი მოქმედი ან ყოფილი პარლამენტის წევრია:

ზვიად კვაჭანტირაძე (მერვე და მეცხრემოწვევის პარლამენტის წევრი) - კვაჭანტირაძეს, 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს პარლამენტიდან შემოსავალი 66 465 ლარი ჰქონდა, თუმცა იმავე წელს იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან ჯამში 21 600 აშშ დოლარი, ხოლო შვილების სწავლისთვის 6 750 ლარი გადაიხადა. შედეგად მივიღებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის 2016 წლის დეკლარირებული წმინდა შემოსავალი წარმოადგენს 8 594 ლარს. მიუხედავად ამისა, კვაჭანტირაძემ მაინც მოახერხა გაეღო 30 000 ლარი „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რაც მისი წლიური წმინდა შემოსავლების 349%-ს წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ გაღებული შემოწირულება პარლამენტარს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევაა;

ზაზა პაპუაშვილი (მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა 45 000 ლარი. წინა წელს მისი შემოსავალი 78 885 ლარი იყო, ამასთან, პაპუაშვილმა 36 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 23 984 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, პაპუაშვილის წმინდა შემოსავალი 24 442 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიისთვის გაღებული 45 000 ლარი მისი წლიური წმინდა შემოსავლის 184%-ს წარმოადგენს.

ფატი ხალვაში (მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი) - მისი შემოსავალი 2016 წელს 57 610 ლარი იყო, 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან წლის განმავლობაში 7 920 აშშ დოლარი გადაიხადა, შედეგად, ხალვაშის წლიურმა წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა. მან სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.

ზურაბ აბაშიძე (მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი) - მისი 2015 წლის შემოსავალი 58 314 ლარი იყო, ამასთან, 102 000 ლარის ოდენობის ორი საბანკო სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში მან 18 712 ლარი გადაიხადა. აბაშიძემ 2016 წლის 7 ოქტომბერს 20 000 ლარი შესწირა „თავისუფალ დემოკრატებს“ რაც მისი წინა წლის წმინდა შემოსავლის 50%-ს წარმოადგენს.

კომენტარები