საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: სინოდის განჩინება მიკერძოებული, უსამართლო და ცილისმწამებლურია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქს, წმიდა სინოდის წევრებს და სინოდის მდივანს საგანგებო წერილით მიმართავს. მეუფე პეტრეს პასუხი ეპარქიამ გამოაქვეყნა. მეუფე პეტრე სინოდის სხდომას მიკერძოებულს უწოდებს. ამასთან, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ცილისწამებად აფასებს სინოდის განჩინებას, რომ მისი განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

"მესმის, მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა, სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც.

წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ, არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს.

ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემ წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური "ციანიდის საქმის" შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოვუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც მე, როგორც სინოდის წევრი არ გეთანხმებით", - ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ სინოდის სხდომა კანონდარღვევით წარიმართა.


ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია

"მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა.

რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, გთხოვთ მომიტევოთ, ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!" - ნათქვამია მეუფე პეტრეს წერილში.


ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია

ცნობისთვის, წმიდა სინოდის 9 მარტის დადგენილებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაფრთხილება მიეცა და გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.

კომენტარები