სტრასბურგის სასამართლო

რატომ შეიცვალა ევრომოსამართლეობის მსურველების რეგისტრაციის თარიღი?

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ვადის ცვლილება უკავშირდებოდეს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე კონსტატინე ვარძელაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი ჩააგდო, საქართველოს ხელისუფლება კონკურსს თავიდან ატარებს და სტრასბურგში ახალი კანდიდატების სიას გაგზავნის.

მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ბოლო დღე გუშინ, 14 მარტს უნდა ყოფილიყო, თუმცა, გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ამ ვადამ ერთი თვით გადაიწია.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ვადის ცვლილება უკავშირდებოდეს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა. მათ შესაბამისი დოკუმენტაცია სწორედ განაცხადების შეტანის ბოლო დღეს, გუშინ წარადგინეს.

არის თუ არა ვადის გადაწევის მიზეზი პაპუაშვილისა და ვარძელაშვილის გადაწყვეტილება, უცნობია. იურისტები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა დედლაინის შეცვლა კანდიდატების მცირე რაოდენობას უკავშირდებოდეს.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური არ პასუხობს კითხვას, ამ დროისთვის სტრასბურგის მოსამართლეობის რამდენი კანდიდატია რეგისტრირებული. რაც შეეხება ტაბულას კითხვას ვადის გადაწევის მიზეზებთან დაკავშირებით, ამის პასუხად პრესსამსახურის წარმომადგენელმა სამინისტროს PR დეპარტამენტის უფროსის, მარიამ სხილაძის ფეისბუქ პოსტზე მიგვითითა. სხილაძე წერს:

"რატომ გაგრძელდა სტრასბურგში წარსაგზავნ ქართველ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის საბუთების მიღების ვადა? - მოსამართლეთა არჩევნები საპარლამენტო ასამბლეამ ჩანიშნა საშემოდგომო სესიაზე (ზაფხულის სესიის ნაცვლად) იხ: ლინკი. შესაბამისად, გაჩნდა მეტი დრო კანდიდატების მოსაზიდად, მოსასმენად და სიის შესადგენად. ეს გახლავთ არსებული ვითარება და შეგიძლიათ ინფორმაციისთვის გამოიყენოთ".

კიდევ ერთი საინტერესო „დეტალია“ ის, რომ კონკურსის საფუძველი არის მთავრობის დადგენილება, რომელიც ძალაში შედის საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისი დოკუმენტი მაცნეზე უკვე გამოქვეყნებულია, რომელიც არეგულირებს როგორც მოსამართლეების შერჩევის წესს, ისე შესასარჩევი კომისიის შემადგენლობას. ამავე დადგენილების მიხედვით, ამ წესის დაცვით შედგენილი მოსამართლის კანდიდატურების სია არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა უკვე საქართველოს მთავრობას უნდა წარედგინოს. ანუ, პირველ აპრილამდე კანდიდატების საბუთებისა და განაცხადების მიღება უკვე დასრულებული უნდა იყოს, მაშინ, როცა გადავადების შედეგად, საბუთების წარდგენის დრომ 13 აპრილამდე გადაიწია.

საკონმდებლო მაცნეზე შეცვლილი დოკუმენტი ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული, შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გადავადება ძალაში არ შესულა, რადგან დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნების შემდეგ. დადგენილება არ არის ატვირთული არც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე, სადაც მთავრობის დადგენილებები ქვეყნდება.

იურისტების აზრი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, გიორგი ბერაია ამბობს, რომ წინა კონკურსი ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე ჩატარდა, რაც ახალი კონკურსის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ნებისმიერი ხარვეზიანი ნაბიჯი ორმაგი ყურადღების ქვეშ ექცევა.

„გამომდინარე იქედან, რომ წინა კონკურსი ჩატარდა ძალიან ბევრი პრობლემით და, ფაქტობრივად, კონკურსს არ ჰქონდა რეალური სახე და ხელისუფლება წინასწარვე იყო შეთანხმებული გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ასეთ პროცედურასთან და ახალ კონკურსთან მიმართებით არსებობს გაძლიერებული ინტერესი და ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად ვაკვირდებით მთლიან პროცესს. კონკურსანტებისთვის განცხადების ვადის გადატანა აჩენს კითხვის ნიშნებს გამომდინარე იქედან, რომ მთავრობის დადგენილებაში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის შესული და ძველი ვადები ძალაში რჩება. შესაბამისად, გასარკვევია, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა კონკურსის გაგრძელება და რეალურად რა გახდა ამის მიზეზი. იქედან გამომდინარე, რომ წინა კონკურსთან დაკავშირებით არსებობდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ვერ დავინახეთ ხელისუფლების ნება, რომ შეერჩია საუკეთესო კანდიდატები, ნებისმიერი საეჭვო ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე, ცხადია, იწვევს ჩვენში ეჭვებს. ეს საკითხიც არის ასეთი - არ ჩანს, რა გახდა ამ ცვლილების საფუძველი, თან ისე, რომ არ შეცვლილა მთავრობის დადგენილება“, - ამბობს ბერაია ტაბულასთან.

ტაბულას კითხვას, რამდენად ლეგიტიმური იქნება 14 მარტის შემდგომ დარეგისტრირებული კანდიდატების კონკურსში მონაწილეობა, გიორგი ბერაია პასუხობს, რომ ლეგიტიმაციის საკითხი შესაძლოა დადგეს, გამომდინარე პირველი კონკურსიდან.

გარდა ამისა, ბერაია ვარაუდობს, რომ სპეკულაციები გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც იქნება და ამის საფუძველი შესაძლოა გახდეს სწორედ ის, რომ არ არსებობს რეგისტრაციის გახანგრძლივების ნათელი სამართლებრივი დასაბუთება.

„სწორედ ამიტომ უნდა დაასაბუთოს ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი, ამ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად“, - ამბობს ბერაია.

კიდევ ერთი იურისტი, გიორგი ჩიტიძე ტაბულასთან ამბობს, რომ რეგისტრაციის გადადება სამართლებივად პრობლემა არ არის, თუმცა, კითხვის ნიშნებს ნამდვილად აჩენს და კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას მიზეზები განემარტა.

„შეიძლება პრობლემა არც შეიქმნას. მთავრობის ინიციატივაა, რომ კანდიდატები ამ წესით შეარჩიოს და არა კანონის მოთხოვნა. ამ ტიპის დადგენილებას შეიძლება არ ჰქონდეს მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ კარგი იქნებოდა, სამართლებრივადაც მოწესრიგებული ყოფილიყო. მინიმუმ, ზეპირი განმარტებები გაეკეთებინათ. ტექნიკურადაც არ არის ხოლმე პრობლემა ამის გაკეთება და რა იყო მიზეზი, ნამდვილად ვერ გეტყვით. უცნაურად მოხდა, ამოიწურა თუ არა ვადა, ავტომატურად დაეწერა, რომ პროცესი 30 დღით გახანგრძლივდა“, - ამბობს ჩიტიძე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებად კვლავ დარეგისტრირდა გიორგი პაპუაშვილი, ასევე, კონსტანტინე ვარძელაშვილი, აქვს გიორგი ჩიტიძესაც. თუმცა, მისთვის უცნობია, როდის შეიტანეს მათ შესაბამისი განაცხადი და ამას უკავშირდება თუ არა ვადის გახანგრძლივება.

„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ როგორც ვიცი, კონკურსანტთა მცირე რაოდენობაა. იმედია, წინა კონკურსის მსგავსად აღარ ჩატარდება, ამან გამოიწვია საბოლოო ჯამში სიის ჩავარდნა. ახლა მთავრობა უფრო ლოგიკურად და გონივრულად უნდა მოეკიდოს ამ პროცესს, თუ არ უნდა, რომ ის შედეგი განმეორდეს, რაც იყო წინა კონკურსის შემთხვევაში. წინა კონკურსის დროს პროცესი საკმაოდ გაუმჭვირვალე იყო. ვერ გავიგეთ, საბოლოო ჯამში, რა კრიტერიუმის საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატურები. გარდა ამისა, 5-კაციან სიაში მოხვედრილი კანდიდატი შეიცვალა, ოღონდ რა მოტივაციით, ესეც გაუგებარი დარჩა. არაადეკვატურად განსხვავებული შეფასებები იყო კომისიის წევრების მხრიდან, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კომისიას სურდა ისინი გასულიყვნენ, ვინც თავიდანვე მოიაზრებოდა კანდიდატებად. საბოლოოდ, ამ პროცესმა, შერჩეულმა კანდიდატებმა, მათმა კვალიფიკაციამ, დამოკიდებულებამ გარკვეული საკითხების მიმართ, განაპირობა ის, რომ ძალიან ბევრმა აქტორმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მიმართა ევროპის საბჭოს. შედეგად, ევროპის საბჭო დარწმუნდა, რომ არცერთი კანდიდატი არ შეესაბამებოდა იმ კრიტერიუმებს, რაც კონვენციით არის გათვალისწინებული ევროსასამართლოს მოსამართლისთვის“, - ამბობს ჩიტიძე.

რაც შეეხება სტრასბურგის მიერ მოსამართლეების კანდიდატურების ჩაგდებას, რაც მოხდა საქართველოს შემთხვევაში, ჩიტიძე ამბობს, რომ ზოგადად მსგავსი პრეცედენტები ყოფილა, თუმცა საქართველოსთან მიმართებით პირველი იყო. მისი თქმით, ახალ სიას ხელისუფლება ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

„თუ ისევ შეუსაბამო კანდიდატები გაიგზავნა, ამას გრძელვადიანად ძალიან დიდი პრობლემები მოჰყვება როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად. ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო, რომ ქვეყანამ ვერ მოახერხა ისეთი სამი კანდიდატის შერჩევა, რომელიც დაიმსახურებდა სტრასბურგის მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დაკავებას. თუ კანდიდატებს მეორედაც ჩააგდებენ, ეს იქნება გზავნილი, რომ ხელისუფლებას არ სურს ან ვერ ახერხებს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი წარადგინოს სტრასბურგის მოსამართლედ“, - ამბობს ჩიტიძე ტაბულასთან.

მის პოზიციას იზიარებს გიორგი ბერაიაც და ამბობს, რომ ყოფილა ერთი ქვეყნის კანდიდატების რამდენჯერმე ჩავარდნის პრეცედენტებიც, თუმცა, თუ ეს საქართველოს შემთხვევაშიც მოხდება, იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის.

ხელისუფლებას და მთავრობას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რომ ყველა პროცედურა წარიმართოს კანონის ზედმიწევნით დაცვით“, - ამბობს ბერაია.

სტრასბურგის სასამართლოსთვის მოსამართლის შესარჩევად კონკურსის წესები

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული), ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, იციან საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპები და საქართველოს კანონმდებლობა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

შესული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საბუთების მიღება და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენა; პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში; გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება; კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ამ სიების საფუძველზე, შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.

კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ მიმდინარე წლის იანვარში ჩააგდო. შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს. აღსანიშნავია, რომ კონკურში მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილიც, რომლის კანდიდატურა სპეციალურმა კომისიამ საქართველოში ჩააგდო.

საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ასე გამოიყურებოდა: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. 

საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არჩეულ კანდიდატებს ნდობას არ უცხადებდნენ. 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: სოფელ ფონიჭალაში დავაკავეთ პირი, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა

კომენტარები