არაფორმალური მმართველობა

უსუფაშვილი: ივანიშვილის პოზიციას ჰქონდა სერიოზული გავლენა გადაწყვეტილებებზე

government.gov.ge

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჰქონდა "სერიოზული გავლენა სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე".

ამის შესახებ უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ივანიშვილის პოზიციას ჰქონდა სერიოზული გავლენა სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული იყო შესაძლოა ერთი წრე ადამიანებისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანი და სერიოზული იყო სხვა წრე ადამიანებისთვის", - თქვა ყოფილმა სპიკერმა.

ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის სურვილი მისთვის "იყო თუ არა აპრიორი შესასრულებელი, თუ შეიძლებოდა მისი იგნორირება", უსუფაშვილი პასუხობს:

"პოზიცია იყო საყურადღებო, მაგრამ არასოდეს ყოფილა აპრიორად შესასრულებელი".

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ჟურნალისტმა სთხოვა დაესახელებინა ექსპრემიერის ერთი სურვილი მაინც, რომელსაც ის წინ აღუდგა.

"რატომ ერთი? შეიძლება ეს იყოს შვიდი. მოსამართლეებთან დაკავშირებით მაგალითად. კონკრეტული მოსამართლეები, ვისთვის მხარდაჭერა იქნებოდა სწორი, ვისთვის არ იქნებოდა სწორი", - თქვა უსუფაშვილმა.

კიდევ ერთ მაგალითად ყოფილმა სპიკერმა "ეროვნული ბანკის პროექტთან დაკავშირებული პერიპეტიები" დაასახელა. ჟურნალისტის კითხვას, საზედამხედველო ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა ემსახურებოდა თუ არა გიორგი ქადაგიძის დასჯას, უსუფაშვილი პასუხობს:

"ეს არ იყო მხოლოდ გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებული საკითხი. ეს იყო მთავრობის მცდელობა, რომელსაც ივანიშვილი მხარს უჭერდა, რომ რაიმე სახით და ფორმით უზრუნველეყო ის, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა და კომერციული ბანკების საქმიანობა არ აღმოჩენილიყო იმ ტიპის უნისონში, რომელიც შემდგომ მეტ პრობლემას შეუქმნიდა იმ ცნობილ ლარის პრობლემას, რომელიც მაშინ არსებობდა", - განაცხადა ყოფილმა სპიკერმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მას ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გუნდში ძალიან პრინციპული კამათი ჰქონდა და იყო შეხვედრები გიორგი ქადაგიძესთანაც, მაგრამ ის არ ყოფილა "პარლამენტის დირექტორი". ჟურნალისტის თქმით, იყო თუ არა "დირექტორი" ბიძინა ივანიშვილი, უსუფაშვილი პასუხობს:

"პარლამენტის შემადგენლობაში შემავალ ჯგუფებს ჰყავდა სხვადასხვა დირექტორები, ერთი დირექტორი ძალიან ხშირად ოდესაში იყო, მეორე დირექტორი ძალიან ხშირად შავი ზღვის პირებზე... მე მომიწია იმ ტიპის პარლამენტის თავმჯდომარეობა, რომელშიც ერთი მხარის, ჩემგან მარჯვენა მხარე რომ იყო, რეალური ლიდერი იყო უკრაინაში, ხოლო მარცხნივ უმრავლესობა რომ მყავდა, გარდა რამდენიმე ინდივიდისა და ფრაქციებად ორგანიზებული კოალიციის წევრებისა, მისი ლიდერი წავიდა ოფიციალური პოლიტიკიდან, მაგრამ მას ჰქონდა ამ გუნდზე გადამწყვეტი გავლენა. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ახლა მე და თქვენ რამეს აღმოვაჩენთ ახალს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მოსაზრებას სერიოზული გავლენა და მნიშვნელობა... იცით რა, გადამწყვეტი შეიძლება ვიღაცისთვის იყო. ჩემთვის პირადად ეს რომ გადამწყვეტი არ ყოფილა, აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი".

ყოფილი სპიკერისვე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტური გავლენა არ ჰქონია.

"არაფორმალურ მმართველს აბსოლუტური გავლენა არ ჰქონია, სახელისუფლებო სისტემაში ეს ასე რომ არ იყო, ამიტომ იყო კოალიციაში პრობლემები. კოალიციურ შემადგენლობაში ეს რომ აბსოლუტური არ იყო, ამისი ბევრი მტკიცებულება გვაქვს ჩვენ, პროცესშიც და ბოლოშიც", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები