ბიუჯეტი 2017

ქუმსიშვილი: ევროპული საქართველოს პროექტის განხორციელება სრულიად წარმოუდგენელია

"სოციალურად პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის, მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი", - ამბობს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პარტია "ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე, რომელიც გადასახადების შემცირებას და ამ გზით ბიზნესის წახალისებას ისახავს მიზნად.

პარტიის 7-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, უნდა განახევრდეს აქციზის გადასახადი, განახევრდეს საშემოსავლო გადასახადი და შემცირდეს სხვა გადასახადები. ქუმსიშვილის თქმით, ამ გადასახადების გაუქმებით ბიუჯეტს 1.5 მილიარდი ლარი დააკლდება, რისი კომპენსაციისთვისაც მთავრობამ ან საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, ან პენსიების გაცემაზე, ანაც საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების არსებულ დონეზე შენარჩუნებაზე უნდა თქვას უარი. 

"ევროპული საქართველოს პროექტი, რაც ზედაპირულად ვნახე, ნიშნავს, რომ სადღაც 1.5 მილიარდი ლარი დააკლდება ბიუჯეტს 2018 წელს, რომლის კომპენსაციის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში 80%-ით უნდა შემცირდეს ხელფასები, როგორც ჯარში, ისე პოლიციაში. ან მაგალითად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გავანულოთ პენსიები, არ უნდა გავცეთ პენსიები. ან მაგალითად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად უნდა შევწყვიტოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და შევწყვიტოთ ყველა სოციალური დახმარების პროგრამა, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია. 

მეორე მიმართულება ამის კომპენსირების არის შემდეგი: რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი საინვესტიციო პროექტები, რაც ნიშნავს იმას, რომ არ უნდა აშენდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალი ან უნდა გადაიწიოს მისმა მშენებლობამ 5-8 წლით. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა აშენდეს ახალი გზები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად, ქუთაისი-აბასთუმანი, ქუთაისი-მესტია, არ უნდა აშენდეს ჯუთა-არხოტის და ყაზბეგის გზა, არ უნდა მოხდეს ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, არ უნდა მოხდეს წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება და სხვა. 

ოპოზიციის მხრიდან ძალიან მარტივია ასეთი განცხადებების კეთება, მაგრამ სოციალურად პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის, მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი", - ამბობს ქუმსიშვილი.

ევროპული საქართველოს 7-პუნქტიანი ინიციატივა:

  1. ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს;
  2. დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ;
  3. უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს;
  4. საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე;
  5. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე;
  6. იმპორტის გადასახადი გაუქმდეს;
  7. საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

ფინანსთა სამინისტროს კალკულაციით ამ გადასახადების შემცირების საბიუჯეტო ეფექტი ასე გამოიყურება:

  1. ბენზინზე აქციზის განახევრება - 240 მილიონი ლარის კლება
  2. დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს, ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ - 250 მილიონი ლარის კლება
  3. საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე - 800 მილიონი ლარის კლება
  4. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე - 120 მილიონი მილიონი ლარის კლება
  5. იმპორტის გადასახადი გაუქმდეს - 75 მილიონი ლარის კლება
  6. საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს - 7 მილიონი ლარის კლება
  7. ჯამში - 1.492 მილიონი ლარის კლება.

კომენტარები