ფარული მოსმენები

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ რეზიდენციაში თავად ისაუბრა.

კანონი პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. მარგველაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტში ორი ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა:

"პირველი - ესაა სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მეორე - ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.

მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. 2014 წლის 29 ნოემბერს მე იმავე კანონს დავადე ვეტო და მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ის ზარ-ზეიმით დაძლია. მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემული ვადის ფარგლებში ვმუშაობთ, როდესაც 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება", - თქვა პრეზიდენტმა.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით პირველ მარტს დაამტკიცა. 

ნახეთ >> რა არის და რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონი

კომენტარები