დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა წინასასამართლო სხდომის გადავადებას ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განსაზღვრული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, - ამის შესახებ ტაბულას უწყებაში განუცხადეს.

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ. მოცემულ საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის, ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და კომპიუტერული, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის.

ამასთან, ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულებისა და შესაბამისი დასკვნების მიღების შემდეგ, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე საქმეზე დასაკითხია არაერთი მოწმე", - უთხრეს ტაბულას საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

უწყებისვე ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ამ და სხვა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ არის საკმარისი, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე საგამოძიებო და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით - ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ მამა დავით ჭინჭარაული, მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე დაკითხა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ისინი ითხოვენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის საფუძველზეც მამა გიორგი მამალაძეს თავისუფლების აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. ისინი ასევე ითხოვენ სინოდის სხდომის ოქმის გაუქმებასაც. დეკანოზის ადვოკატები სინოდის წევრების დაკითხვასაც ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები