ავტოსაგზაო შემთხვევა

შსს: აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი დავაკავეთ

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი დედა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ისევ საავადმყოფოში იმყოფება.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება",- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

კომენტარები