საქართველოს ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს 2017 წლის საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა

Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რეიტინგი უცვლელია და BB მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი "სტაბილურია". 2014 წლამდე საქართველოს იგივე რეიტინგი ჰქონდა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურზე" ერთი საფეხურით მაღალი იყო და "პოზიტიურს" შეადგენდა.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB მინუსი განვითარებადი საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაბალი რეიტინგია. Fitch-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის მიზეზი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში არსებული მაღალი დეფიციტია. 

BB რეიტინგის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ერთ მოსახლეზე მშპ-ს დაბალი მაჩვენებელია. Fitch-ის ცნობით, საქართველოს რეიტინგზე ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით არსებულმა ვითარებამ დადებითად იმოქმედა.

Fitch-ი განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებულმა სავალუტო კრიზისმა აჩვენა, რომ ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორმა მას კარგად გაუძლო.

Fitch-ი ქვეყანაში შენელებულ ეკონომიკურ ზრდას მწვავე საგარეო შოკებს უკავშირებს. 2016 წლის მანძილზე ლარის 10.5%-იან და 2015 წლის მანძილზე 28.5%-იან გაუფასურებას ასევე საგარეო მიზეზებს უკავშირებს. Fitch-ის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში არსებულმა მცურავმა სავალუტო გაცვლითმა რეჟიმმა ქვეყნის ეკონომიკაზე ბუფერის როლი შეასრულა.

Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის სკალა ასე გამოიყურება:

  1. AAA
  2. AA+
  3. AA
  4. AA-
  5. A+
  6. A
  7. A-
  8. BBB+
  9. BBB
  10. BBB-
  11. BB+
  12. BB
  13. BB- აქ არის საქართველო
  14. B+
  15. B
  16. B-
  17. CCC
  18. DD
  19. D

კომენტარები