ვიზალიბერალიზაცია

როგორ ვისარგებლოთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით

დღეიდან, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

რომელ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სადაც მოგზაურობისთვის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

მოგზაურობის ვადები

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეს, ვიზის გარეშე იმოგზაუროს 90 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ მან უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია იყოს ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულების, ბიზნესშეხვედრების, სასწავლო და გაცვლითი პროგრამების/ტრენინგის, კურსების, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, მკურნალობისა და სხვა მიზნებით.

საჭირო დოკუმენტები

ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურისტული, საქმიანი, სამკურნალო, თუმცა არა სამუშაო.

მოგზაურობისთვის აუცილებელია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მოითხოვს სხვადასხვა დოკუმენტს, ისევე, როგორც ამას ითხოვენ საელჩოებში. შესაძლო დოკუმენტების სრული ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და მოქალაქეს დააბრუნებენ საქართველოში. ამასთან, მას შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით.

შეჩერების მექანიზმი

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის მიხედვით, სავიზო მოთხოვნები შესაძლოა ხელახლა გადაიხედოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ შემთხვევაში:

  • იმ ადამიანთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებსაც უარი უთხრეს შესვლაზე ან არალეგალურად რჩებიან ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე;
  • უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა;
  • რეადმისიასთან (მიგრანტების დაბრუნებასთან) დაკავშირებით თანამშრომლობის ნაკლებობა;

გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა გადაიხედოს საჯარო პოლიტიკისა და მესამე ქვეყნების შიდა უსაფრთხოების საფუძველზე.

შეჩერების მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა წევრ სახელმწიფოებს და ევროპის კომისიას ექნებათ. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა, მონიტორინგი გაეწევათ და პარლამენტსა და საბჭოს მუდმივად გაეგზავნებათ ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, კონკრეტული ქვეყანა ისევ იმსახურებს თუ არა უვიზო მიმოსვლას. უარყოფითი ანგარიშის შემთხვევაში, კომისია ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტს, შეუჩეროს თუ არა კონკრეტულ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა 9 თვით.

კომენტარები