თავდასხმა

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყება დეტალებზე არ საუბრობს.

ხვედელიძის სახლთან მუშაობს კრიმინალური პოლიცია.


ფოტო: ტაბულა

აქვე შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

კომენტარები